კონფერენცია „ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“
2024 წლის 9 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში „ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში“.
კონფერენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა, და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის კონცეპტუალური და სტრატეგიული მხარდაჭერა, ინკლუზიური საარჩევნო პროცესები, მათ შორის, შშმ პირების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების ჩართულობის საკითხები, ახალგაზრდების პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა მოწყვლადი ჯგუფებისთვის არჩევნების პროცესში მონაწილეობის მიღების გამარტივებულ წესებზე და მექანიზმებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი დავით გაბაიძე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტი ანტონი ბანბერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და IFES საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რენატა ლევოვსკი.
კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.