ახალი ამბები

„ბავშვი და მართლმსაჯულება“ - სახალხო დამცველის აპარატმა სკოლებში შეხვედრები გამართა

2025 წლის 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში მორიგი შეხვედრები გამართა თემაზე - „ბავშვი და მართლმსაჯულება“.

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები იმერეთის, აჭარის, სამეგრელოსა და კახეთის საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც 22 სკოლის 763 მოსწავლეს შეხვდნენ.

პროექტის წინა ეტაპების მსგავსად, ტრენინგის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო არასრულწლოვანების უფლებებს პოლიციასთან ურთიერთობის პროცესში. ბავშვებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ რა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას. ასევე, მიეწოდათ იმ უწყებებისა და მათი კომპეტენციის შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც შეიძლება მიმართონ უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც გააგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებსა და აქტივობებს, რომელთა მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება უფლებებისა და მათი დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება მსგავსი ტიპის შეხვედრებში არასრულწლოვანთა ჩართულობასა და მათი მხრიდან მაღალი ინტერესის გამოხატვას, რაც ასეთი ღონისძიებების საჭიროებაზე მეტყველებს. აპარატი მადლობას უხდის საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციებს ეფექტიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრები გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის -„კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ -ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)