სახალხო დამცველის აპარატის თანაორგანიზებით გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში წინასასესიო მოსმენა ჩატარდა
2020 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაცია UPR-info-სა და ღია საზოგადოების საქართველოს ფონდის ორგანიზებით წინასასესიო ონლაინ მოსმენა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მოისმინეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც სასურველია შეხვედრაზე დამსწრე დიპლომატების ქვეყნებმა საქართველოს მისცენ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, 2021 წლის 26 იანვარს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
25 ნოემბრის წინასასესიო მოსმენაზე სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი თამარ აბაზაძე პატიმართა უფლებების შესახებ მოხსენებით წარდგა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ქალთა უფლებები და სექსუალური ძალადობა, რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისები, ლგბტ+ პირთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, მართლმსაჯულების რეფორმა, სამართალდამცავი სისტემა, უმცირესობაში მყოფი ეთნიკური ჯგუფების უფლებები, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება და რასობრივი დისკრიმინაცია.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ ფასდება და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები ქვეყნების მიმართ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ ადამიანის უფლებათა მექანიზმთან, როგორც პერიოდული ანგარიშების წარდგენით ასევე, უშუალოდ ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებში მონაწილეობით.
2021 წლის 26 იანვარს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში მესამედ შეფასდება. გაეროს წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციებს სხვადასხვა მიმართულებით მისცემენ.
2020 წლის 9 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლისთვის ალტერნატიული ანგარიში წარადგინა.