საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო
2021 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უწყებებს დაავალა 2020 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული ცალკეული რეკომენდაციების შესრულება.
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციების 80% გაიზიარა (მათგან დაახლოებით 6.3% კი ნაწილობრივ არის გაზიარებული).[1] აღნიშნულ მონაცემზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ რეკომენდაციების გაზიარების დინამიკა მცირედით არის გაუმჯობესებული. (2020 წლის დადგენილებაში საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის რეკომენდაციების 78,5 % გაიზიარა, 2019 წელს- 78 %).
რაც შეეხება სახალხო დამცველის რეკომენდაციების თემატიკას, რომლებიც დადგენილებაში არ აისახა, ამ მხრივ ტენდენცია წინა წლების მსგავსია. წელსაც, საქართველოს პარლამენტის მიერ გაუზიარებელი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის მიზანი იყო ლგბტ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე განათლების უზრუნველყოფა, სკოლის მოსწავლეთა რელიგიური ინდოქტრინაციისგან დაცვა, სახელმწიფო უწყებების მიერ რელიგიური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა და ა.შ. დადგენილებაში ასევე არ ასახულა სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომლებიც ძალოვან უწყებებს გამჭირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა. მაგალითად, როგორიცაა: სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე სამართალდამცავების სამხრე კამერებით აღჭურვა, პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევს ყოფნა და სხვა.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრეზიდენტს ჯამში 53 წინადადებით მიმართა. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, დროულად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული წინადადებების გაზიარების საკითხებზე.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, მის მიერ გაცემული, შესასრულებლად სავალდებულო დავალებების აღსრულების მონიტორინგის პროცესში, ხოლო თავის მხრივ გამოთქვამს მზაობას, ყველა ფორმატში ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების სრულყოფილად შესრულების მიზნით.
[1] რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი შესაძლებელია მცირედით დაკორექტირდეს სახალხო დამცველის აპარატის მიერ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის და მათგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად. დაზუსტებული მონაცემები აისახება სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში: „2021 წლის 12 ივლისის (№710-Vრს-Xმპ) დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“, რომელიც საანგარიშო პერიოდის მიხედვით 2022 წელს მომზადდება.