სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი ამ განცხადებით აჯამებს მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

2021 წელს სახალხო დამცველმა არაერთგზის გააკრიტიკა ხელისუფლება კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის იმ მიდგომების გამო, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. კერძოდ, არაეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა (ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ.). შედეგად საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და დღესდღეობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37% მდეა სრულად ვაქცინირებული, ასევე ძალიან დაბალია 60 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 37 % მდეა აცრილი. ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი განსაკუთრებით საგანგაშოა, რამეთუ, ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა. საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებშია. სამწუხაროდ სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ვაქცინაციის პროცესის გამარტივება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რაც ხანდაზმულებისთვის, ხშირ შემთხვევაში დაუძლეველ წინაღობას წარმოადგენდა ვაქცინაციის ჩასატარებლად.

კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება.

2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გასული წლების მსგავსად უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროეს 69 პირი; 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, რის შედეგადაც, მათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაწერეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 16 ფაქტი; გარდა ამისა, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს. სახალხო დამცველი იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, შექმნილი დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის თავისუფალი ნების გამოვლინაზე. სამწუხაროდ, ასევე მრავლად იყო შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს დანაშაულებრივად არ ეძლეოდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა.

წლის განმავლობაში გამოვლინდა მოქალაქეთა შეკრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლის შემთხვევები მათთვის გადაადგილების შეზღუდვის გზით, ასევე ადგილი ჰქონდა შეკრების მონაწილეებისათვის სამართალდამცავი პირების მხრიდან კარვის განთავსებაში ხელშეშლის ფაქტებს. კვლავ პრობლემური იყო სამართალდამცავი პირების მიერ შეკრების მონაწილეთა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავების მავნე პრაქტიკა, რაც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს.

მედიის თავისუფლების მდგომარეობისშეფასების თვალსაზრისით შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით 2021 წელს ქონდა ადგილი. 2021 წლის სახალხო დამცველმა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.

5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და ზოგადად მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.

2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად 45 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი იყო დასავლელი პარტნიორების მედიაციით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული რეკომენდაციები და 6 ივლისსა[1] და პირველ დეკემბერს[2] 10 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ აირჩია, რითაც დასრულდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება.

ეუთო/ოდირის მიერ აღინიშნა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესში არ არსებობდა მკაფიო და განჭვრეტადი სტანდარტები, რაც ყველა კანდიდატისთვის თანასწორი შესაძლებლობის საწინდარი უნდა ყოფილიყო. მათ ანგარიშში საუბარია ასევე ინტერესთა კონფლიქტზე და პროცედურებში არსებულ სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც არ იძლეოდნენ დამსახურებაზე დაფუძნებული კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვაკანტურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის პოზიცია და გაუგებარია რა არგუმენტაციაზე დაყრდნობით აყოვნებს პარლამენტი საბჭოს 5 წევრით შევსებას.

რაც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონესისხლის სამართლის საქმეებს, 2021 წლის ბოლოს, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდება/მსჯავრდებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა ბრალდებულის სასამართლოში მიყვანაზე. აღნიშნულის მიზეზად კი მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.

სახალხო დამცველის შეფასებით სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობის შეზღუდვა უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. პენიტენციური სამსახურის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შიმშილობის გამო პატიმრის გადაყვანა იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის რისკის მატარებელი, სახალხო დამცველის შეფასებით ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ არგუმენტად; მითუმეტეს სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ეყრდნობოდა სამედიცინო დასკვნას. მეტიც, მსგავსმა პრაქტიკამ შესაძლოა ყველა მოშიმშილე პატიმარს წაართვას შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში. რაც შეეხება ე.წ. უსაფრთხოების მიზეზებით მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირებაზე უარის თქმას, საგულისხმოა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილია სასამართლოს ხელმისაწვდომობა და მას უკვე ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა პირადად მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესებში.

რაც შეეხება 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, აღნიშნული სახალხო დამცველმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ანალოგიურად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერაც.

2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომაშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. 21 მარტს, ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელდა ყოფილი სამართალდამცავის აღიარებითი ინტერვიუ, რომელიც საუბრობდა პოლიტიკოსების, მათ შორის ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული უკანონო მიყურადების თაობაზე. მოგვიანებით ანა დოლიძემ დაადასტურა ყოფილი სამართალდამცავის მიერ ინტერვიუში მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის სიზუსტე. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში.

ფარული მიყურადების ამსახველი მასალების აქამდე უპრეცედენტო გაჟონვას ჰქონდა ადგილი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს. მედია-საშუალებებს მიეწოდათ სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული ათასობით ფაილი, ძირითადად სასულიერო პირების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ოქმების სახით და მათი ანალიზი. მასალები. დოკუმენტები ასევე შეიცავდა აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ შინაარსობრივ ინფორმაციას. საგულისხმოა ისიც, რომ არაერთმა პირმა დაადასტურა გავრცელებულ მასალებში ასახული კომუნიკაციის ნამდვილობაც.

გავრცელებული ფაილების უპრეცედენტო მოცულობისა და არაერთი პირის მხრიდან მისი დადასტურების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული. სამწუხაროდ ამ ტიპის უკონტროლო მიყურადების საფუძველს ქმნის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს მობილური ოპერატორების სერვერებზე უკონტროლო, პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას, რაც აიოლებს უკანონო მიყურადების შესაძლებლობას და ამცირებს მისი გამოვლენის რისკებს. ეს კანონმდებლობა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც საქმის არსებითი განხილვა დაასრულა 2018 წელს, მაგრამ გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღია.

საქართველოს პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე მალევე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. სამწუხაროდ სახალხო დამცველის აპარატს არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. სახალხო დამცველის მოთხოვნას პროკურატურამ უარით უპასუხა.

საყურადღებოა, რომ ამ დრომდე საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფდა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების პარლამენტში დაბარებას. ასევე პარლამენტის მხრიდან შესაძლებელია განხილულიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობაც.

რაც შეეხება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, 2021 წელს დაკავებული პირები კვლავ საუბრობდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემური იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შემთხვევაში. პრობლემურია ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა და პირთა დაკავების შესახებ მათი ოჯახების ინფორმირება. საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფელს. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. რიგ შემთხვევებში, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უზრუნველყოფდა ასევე სახალხო დამცველის აპარატის დროულ ინფორმირებას.

წინა წლების მსგავსად, კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა. ასევე გამოწვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პოლიციის დაწესებულებების სივრცეები, სადაც დაკავებულს/მოქალაქეს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით სრულად არ არის დაფარული.

სერიოზულ გამოწვევად რჩება ასევე პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, რაც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვას და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ეს საკითხი განსაკუთრებულად პრობლემურია ნახევრად ღია დაწესებულებებში. არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება.

2021 წელსაც პრობლემური იყო პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფის საკითხი. არაერთ დაწესებულებაში გამოვლინდა პრობლემები როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანდაცვის კუთხით და ყველაზე მეტი საჩივრები სახალხო დამცველის აპარატში ამ ნიშნით ფიქსირდებოდა. 2021 წლის მანძილზე შენარჩუნებული იყო პატიმართა დეესკალაციის ოთახებში გადაყვანის პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს. სახალხო დამცველმა არაერთი კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.

2021 წლის დასაწყისში სახალხო დამცველის წარმომადგენლები გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა ნახევრად ღია დაწესებულებების ტერიტორიაზე, რაც პირდაპირ ან ირიბად ორგანიზებული იყო ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულის შემდეგ სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება, რომ დროებით აჩერებდა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე პრევენციულ ვიზიტებს.

2021 მაისში საქართველოს ეწვია წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი საგანგებო ვიზიტით, სადაც შემოწმდა ნახევრად ღია დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის მიერ გაცხადებულ იქნა საჯაროდ, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არ შეექმნებოდათ პრობლემები საქმიანობის განხორციელებისას.

პენიტენციურ დაწესებულებებში ეპიდემიის მართვის კუთხით დადებითად უნდა აღინიშნოს ასევე, რომ დაწესებულების სამედიცინო პერსონალის უმეტესობა ვაქცინირებულია. აქტიურად მიმდინარეობდა პატიმართა ვაქცინაციის პროცესი და 2 კვირაში ერთხელ PCR ტესტირება. დაწესებულებებში გამოყოფილია საკარანტინე სივრცეები.

2021 წელს, წინა წლების მსგავსად, განსაკუთრებულად პრობლემური იყო მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის არათანამიმდევრული პრაქტიკა. ადგილობრივი საბჭოები ხშირ შემთხვევაში არ ასაბუთებენ გადაწყვეტილებებს და არ უთითებენ კონკრეტულ მოტივაციაზე, თუ რის გამო ანიჭებენ ერთ კრიტერიუმს უფრო მეტ ყურადღებას და სხვას - ნაკლებს. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად შაბლონური ხასიათისაა და შეიცავს ფორმალურ მითითებას, თუ რომელ კრიტერიუმს დაეყრდნო საბჭო კონკრეტულ შემთხვევაში უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე პრობლემურია იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში ადგილობრივი საბჭოების მიერ არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა.

საანგარიშო პერიოდში, კვლავ უმნიშვნელოვანესს გამოწვევას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში დამძიმდა. მოსახლეობას სირთულეებს უქმნიდა 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა. 2020-2021 წლის განმავლობაში არაერთი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად.

კვლავ პრობლემად რჩება, საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პატიმართა ცემა და არასათანადო მოპყრობის საკითხები. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.

კვლავ გამოწვევად რჩება სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების მდგომარეობა. პრობლემურია მათი ასეთი შენობებიდან განსახლების პროცედურები, აგრეთვე დაზუსტებასა და სრულყოფას საჭიროებს ასეთი შენობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სახელმწიფოს პრობლემის მასშტაბის უკეთ გააზრებაში დაეხმარება.

2021 წელს თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ მდგომარეობა კვლავ კრიტიკული იყო. სამწუხაროდ, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წარმომადგენლების თუ არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა არც ამ წელს გაუმჯობესებულა.

ჯამში, 2021 წელს, სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 141 ფაქტი შეისწავლა, რომელთაგან ყველაზე მეტი - 27% განსხვავებული ანდა პოლიტიკური შეხედულების სავარაუდო დისკრიმინაციას შემთხვევებს შეეხებოდა, სქესის/გენდერის ნიშნით - 17%, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით - 12%, სოგი-ს ნიშნით - 9%, ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით - 8%, რელიგიის ნიშნით - 4%, სხვა ნიშნებით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე კი განმცხადებელთა 23% მიუთითებდა.

ახალი კორონა ვირუსის პანდემიამ არაპროპორციული გავლენა მოახდინა ქალებსა და გოგოებზე; შემცირდა ქალების წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ჩათვლით. ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე პრობლემად რჩება როგორც პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა.

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით პრობლემად რჩება ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნა.

კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი - სექტემბერი) 13 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში - სხვა მოტივი. მიმდინარე წელს, ასევე 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგანაც ოჯახური დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი.

საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშ დგას, რასაც გასულ წელს მათზე განხორციელებული თავდასხმებიც ცხადყოფს. თითქმის ყოველდღიურ ხასიათს იძენს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე მომუშავე პირთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოფისების დაზიანება და სხვა სამართალდარღვევები.

სამწუხაროდ, კვლავ დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საკონსულტაციო მექანიზმების საქმიანობას საქართველოში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოსთან ინსტიტუციონალიზებული დიალოგის ფორმა არ აქვს. საკონსულტაციო მექანიზმების გასაძლიერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გამოწვევას წარმოადგენს.

რელიგიის თავისუფლების მიმართულებით, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კოვიდ რეგულაციებიდან გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებლურ სადღესასწაულო დღეებთან მიმართებით იყო გათვალისწინებული. შემაშფოთებელი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტაცია, რომ შეღავათი მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დაწესდა, რადგან ისინი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ასევე, სხვადასხვა რელიგიური პირების მხრიდან ანტისემიტური გამოსვლების ტალღის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნულთან მიმართებით მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლნენ.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ფარული მიყურადების ამსახველი მასალების დიდი ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონოდ არის მოპოვებული და მიმდინარე წლის 13 სექტემბერს სოციალურ პლატფორმებზე აიტვირთა, ადასტურებს, თუ რამდენად ტოტალური, ყოვლისმომცველი და მასშტაბური ხასიათი აქვს რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის კონტროლს, თვალთვალს და უკანონო მიყურადებას, სავარაუდოდ სასულიერო პირებისა და უფლებადამცველების შესახებ მადისკრედიტირებელი ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების მიზნით. აღნიშნული წარმოადგენს როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში, ისევე, რელიგიის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება, ხოლო ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გამოწვევებმა დამატებითი პრობლემები შექმნა. 2021 წელს გამოიკვეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული რიგი სისტემური პრობლემები. მათ შორის, როგორც სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე წვდომის, ისე სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულის კუთხით. გაუარესდა ამ პირთა სოციალურ-ეკონიმიკური მდგომარეობა, დასაქმების პერსპექტივა. მათი ნაწილი კვლავ დარჩა პანდემიის საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმისმიღმა.

მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია ამ პირთა უფლებების საერთაშორისო დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფისთვის. ასევე, დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ არ მომხდარა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე. მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას.

გასული წლის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები. თითქმის ყველა შემთხვევაში, პრობლემურია მომსახურებათა გეოგრაფიული დაფარვა, მეტწილად ვერ ხერხდება ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა შშმ ბავშვის/პირის მოცვა და სერვისებს ჰყავთ მომლოდინეთა რიგები.

2021 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 12 სტაციონარის/თავშესაფრის და 15 ამბულატორიის მონიტორინგი განახორციელა. წინა წლების მსგავსად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, უგულებელყოფილია პაციენტთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები. დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ ქვეყანაში მოქმედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მინიმალურ სტანდარტებსაც კი, არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არ შეესაბამება საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ არის გატარებული საკმარისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის, ქვეყანაში არ არის საკმარისად განვითარებული თემზე დაფუძნებული საცხოვრისები. პაციენტებს წასასვლელი არსად აქვთ და შესაბამისად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხანგრძლივად უწევთ ყოფნა.

ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ხანდაზმულთა მიმართ ხანგრძლივი მოვლის საკითხი, როგორც ინსტიტუციონალურ, ისე ოჯახში მოვლის თვალსაზრისით. არ არის განვითარებული ე.წ. ‘შინ მოვლის“ პროგრამები სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. სახალხო დამცველი წლებია აქტიურად ცდილობს ადგილობრივ თვითმმართველობებში აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებას. პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ხანდაზმული პირებისთვის შინ მოვლის პროგრამის განხორციელების აუცილებლობა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, ეფექტიანი რეაგირების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზები ნეგატიურად აისახება პრობლემის მასშტაბებზე. ბავშვთა დაცვის სისტემის გამოწვევებს შორის კვლავ წამყვანი ადგილი უჭირავს მიზნობრივი პროგრამების გაუმართაობას, ადამიანური რესურსების სიმცირეს და პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების ნაკლებობას. ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა ბავშვთა სიღარიბე, ხოლო ქვეყანაში არსებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერას და სოციალური ფუნქციის ამაღლებას.

დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ბავშვთა შრომითი უფლებებისა და შრომის საზიანო ფორმებისგან დაცვის საკითხებზე; საზოგადოება, რიგ შემთხვევაში, შემწყნარებლურია მსგავსი ფაქტების მიმართ. ასევე ქუჩაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრაზე ორიენტირებული რესურსებისა და კადრების სიმცირის გამო, ვერ ხერხდება შემთხვევათა დროული აღკვეთა და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საჭიროებების ჯეროვანი გამოვლენა.

2021 წელს, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, კიდევ უფრო ნათლად ცხადყო, რომ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში არაეფექტიანად მიმდინარეობს.

როგორც მოგეხსენებათ, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით, დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვების ნაწილი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახებში ან განთავსდა სახელმწიფო ზრუნვის სხვა ფორმებში, ხოლო ნაწილი კვლავ აგრძელებს დაწესებულებაში ცხოვრებას. (22 ნოემბრის მდგომარეობით, კვლავ 15 არასრულწლოვანი ცხოვრობს). მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ სახალხო დამცველს ეძლევა დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება ბავშვებთან მოპყრობის, კვების და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, დაწესებულება მისი ზომიდან და ინსტიტუციური მოწყობიდან გამომდინარე ვერ პასუხობს იქ მყოფ აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალურ საჭიროებებს. შესაბამისად, აუცილებელია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელება და იქ მყოფ არასრულწლოვანთა ბიოლოგიურ ოჯახებში ან ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანა .

უსახლკარო პირები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი და სოციალურად გარიყული ჯგუფია საზოგადოებაში. საგულისხმოა, რომ უსახლკარო პირთა ბაზების ფორმირება ზოგიერთ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში საერთოდ არ ხდება, ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მიღებულია უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი, უსახლკარო პირის კანონისმიერი დეფინიციის ბუნდოვანების გამო, მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია უსახლკარო პირად მიჩნევის კრიტერიუმები, რაც არაერთგვაროვან მიდგომას და უსახლკარო პირთა სხვადასხვა ჯგუფის დეფინიციიდან გამორიცხვას იწვევს.

2021 წელს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს უსახლკარო პირთათვის სტატუსის მინიჭების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა.

რაც შეეხება შრომის უფლებებს, მნიშვნელოვანია გასული წლის პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების (სრული მანდატის მქონე შრომის ინსპექციის შექმნა) პრაქტიკაში სრულყოფილი იმპლემენტაცია. ამისათვის კი აუცილებელია შრომის ინსპექციის დაკომპლექტების უმოკლეს დროში დასრულება. არსებული ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი შრომის ინსპექციის მანდატის სრულფასოვნად განსახორციელებლად. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შრომის ინსპექციას კოვიდ რეგულაციების დაცვის მონიტორინგი ევალება.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანიის წარმოება საზოგადოებაში შრომის ინსპექციის უფლებამოსილებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, რათა, როგორც დასაქმებულები, ასევე დამსაქმებლები ფლობდნენ ინფორმაციას საკუთარი უფლება-მოვალეობების და ასევე შრომის ინსპექციის მანდატის შესახებ.

ჩვენი მუშაობის შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის და საჭიროების წინაშე დგას. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში.


[1] 6 მოსამართლე

[2] 4 მოსამართლე


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)