შეხვედრა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) დელეგაციის წარმომადგენლებთან
2022 წლის 17 მაისის საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში დისკრიმინაციის აღმოფხვრის, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტოლერანტული კულტურის დამკვიდრების საკითხებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით აპარატის მუშაობის მანდატი და პრაქტიკა გააცნო სტუმრებს.
ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოსადმი შემუშავებულ რეკომენდაციებზე, რომლებიც სახალხო დამცველის წლიურ საპარლამენტო ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებშია ასახული.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის მანდატზე, მიმოიხილეს ქვეყანაში ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობის სირთულეები და რელიგიური უმცირესობებისთვის ქონებრივი უფლებების დაცვის და მათ შორის, რელიგიური შენობა-ნაგებობების მშენებლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია წლებია თვალ-ყურს ადევნებს და დადებითად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ძალისხმევას ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ტოლერანტული კულტურის დამკვიდრების საქმეში.