სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში
2022 წლის 20-24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილეები ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.
საქართველოს სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ასამბლეაში, სადაც ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში განიხილეს, სამომავლო გეგმები დასახეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველის მოადგილემ და ENNHRI-ის შშმ პირთა უფლებების ჯგუფის თავმჯდომარემ ეკატერინე სხილაძემ შშმ პირთა დაცვის მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის დელეგაციამ შეხვედრები გაიმართეს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) საქართველოს სამაგიდო გუნდის სამმართველოს უფროსთან დოროტა დლუჩთან; ასევე, ევროპის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატში ლაურენს მერეგიტთან, ნიკოლას სენდრივიჩთან და მაიკლ რუპთან.
შეხვედრებზე ძირითადად ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მისაღებად დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესზე და ამ პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობაზე.