სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა იტალიის პრევენციის ეროვნული მექანიზმთან შეხვედრები გამართეს

2022 წლის 7-8 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იტალიის თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების ეროვნული გარანტორის მოწვევით ქალაქ რომში იმყოფებოდნენ, სადაც შედგა ორმხრივი სამუშაო შეხვედრა იტალიის პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან და გაფორმდა შეთანხმება თანამშრომლობის თაობაზე.

შეხვედრებზე განიხილეს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების ეროვნულ გარანტორსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები, იძულებითი დაბრუნების ოპერაციების დროს გამოყენებული მეთოდოლოგიები, მონიტორინგის პრევენციულ ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი საკითხები. ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა რომის ერთ-ერთ საპატიმრო დაწესებულება მოინახულეს.

7 მარტს იტალიის თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების ეროვნულმა გარანტორმა მაურო პალმამ და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ დაბრუნების ოპერაციების მონიტორინგის მიმართულებით თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც ორივე ინსტიტუტი გაცვლის ინფორმაციას და აქტიურად ითანამშრომლებს იტალიიდან საქართველოში დაგეგმილ იძულებით დაბრუნების ოპერაციებთან, ასევე საქართველოში დაბრუნების შემდგომ ფაზასთან დაკავშირებით. ხელმოწერას ასევე ესწრებოდა საქართველოს კონსული იტალიის რესპუბლიკაში ნატალია კორძაია.

იტალიის პრევენციის ეროვნულ მექანიზმსა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შორის მიღწეული შეთანხმება თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია. ამ სახის შეთანხმება მხარეებს შესაძლებლობას აძლევს ერთობლივად გააკონტროლონ დაბრუნების ოპერაციის ყველა ეტაპზე ადამიანის უფლებების დაცვა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მათი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.

შეხვედრებს ორგანიზება გაუწია იტალიის ეროვნული გარანტორის ოფისმა თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდის (AMIF) პროექტის „იძულებითი დაბრუნების მონიტორინგის სისტემის დანერგვის“ (Implementation of a forced return monitoring system) ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)