სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილეთა ოფიციალური შეხვედრები ევროსაბჭოში

2022 წლის 25-27 იანვარს სახალხო დამცველის მოადგილეებმა თამარ გვარამაძემ და ეკატერინე სხილაძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოში სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარალელური შეხვედრები გამართეს.

ადამიანის უფლებათა მთავრობათაშორისი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსთან და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მმართველი კომიტეტის (CDDH) მდივანთან დევიდ მილნერთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველის მოადგილეებმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის ეფექტური განხორციელების საკითხები განიხილეს.

სახალხო დამცველის მოადგილემ თამარ გვარამაძემ ევროპის სოციალური ქარტიის დეპარტამენტის უფროსთან იან მალინოვსკისთან და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის პრიორიტეტულობაზე, მიმდინარე აქტივობებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ევროპის საბჭოს პროექტზე - „სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერება საქართველოში“ და ამ პროექტში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობაზე.

იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა სწავლების სამმართველოს უფროსთან ევა პასტრანასთან გამართულ შეხვედრაზე ევროპის საბჭოს HELP-ის კურსების მნიშვნელობა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის საინტერესო კურსები განიხილეს.

მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ლეილა კაიაჩიკთან საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და აპარატის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები განიხილეს.

გამოხატვის თავისუფლება, სიძულვილის ენის ტირაჟირება და მედია დამოუკიდებლობა, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები - საკითხებია, რომლებზეც სახალხო დამცველის მოადგილეებმა მედიასა და საინფორმაციო საზოგადოებაზე ევროპის საბჭოს მმართველი კომიტეტის აღმასრულებელი მდივანთან არტემიზა ჩისკასთან ისაუბრეს.

ბიოეთიკის განყოფილების ხელმძღვანელ და ბიოეთიკის კომიტეტის მდივანთან ლოურენს ლვოფთან ადამიანის უფლებების და ბიომედიცინის შესახებ ოვიედოს კონვენციის იმპლემენტაციაზე წარიმართა მსჯელობა. მხარეებმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მხრივ ახალი პროექტებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სახალხო დამცველის მოადგილეებმა ევროპის საბჭოს ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და მმართველობის დირექტორატის დირექტორ კლაუდია ლუციანსა და არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების უფროს მრჩეველ კორნელია პერლასთან შეხვედრაზე „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის აქტივობები და აპარატის ჩართულობის შესაძლებლობები, რეგიონებში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრები გაიმართა ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობის განყოფილების უფროსთან მარიტე მორასთან, ევროპის საბჭოს დისკრიმინაციასთან ბრძოლის დეპარტამენტის - სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სამმართველოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) და სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლებთან. განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოში თანასწორობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, 5 ივლისის მოვლენები, რელიგიის თავისუფლება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, ლგბტ+ თემის პრობლემები და სხვა საკითხები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)