სახალხო დამცველი გერმანიის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებს შეხვდა
2024 წლის 28 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ელიზაბეტ ვინკელ-მაიერ ბეკერს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებს აპარატის მანდატი გააცნო; ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმებზე და კანონის უზენაესობის საკითხებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დახურული დაწესებულებების მონიტორინგის მექანიზმებზე.
მრავალმხრივი დისკუსიისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული პრობლემები და საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლებებში მაცხოვრებელთა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესის განხილვისას სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა აპარატის ჩართულობაზე და ქვეყანაში დასავლური, დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად აქტიურ მუშაობაზე.
დელეგაციის წევრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და სახალხო დამცველის ექიმ-ექსპერტთა მიერ მისი მკურნალობის შეფასების შედეგებით.
საქართველოს შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია, კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრება.