სახალხო დამცველი აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
2023 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგენს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის მანდატი და პრიორიტეტები გააცნო, ისაუბრეს თანასწორობის მექანიზმის მუშაობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.
„აშშ-ს ელჩთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დღეს-დღეობით ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემაზე -ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„სასიამოვნო იყო სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან შეხვედრა. სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ადამიანის უფლებების, მათ შორის ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვაში. ეს საქმე საქართველოს ევროპული ტრაექტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ წლების განმავლობაში ვუჭერდით მხარს სახალხო დამცველის აპარატს და მოუთმენლად ველი ამ პარტნიორობის გაგრძელებას,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საელჩოსა და სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიანი თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავებისა და გაძლიერების საკითხები. ლევან იოსელიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ-ს ხელისუფლება და ამერიკელი ხალხი მუდმივად უწევს სახალხო დამცველის აპარატს დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად.