სიახლეები

NHRI-ის კონფერენცია თემაზე - „წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი“

2023 წლის 6-8 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე კოპენჰაგენში (დანია) ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას. კონფერენცია წამების და სხვა არა სათანადო მოპყრობის პრევენციაში ადამიანის უფლება ეროვნული ინსტიტუტების როლს ეძღვნება.

ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსვლისას ლევან იოსელიანმა საქართველოში წამების წინააღმდეგ ბრძოლაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საქართველოში პრევენციული მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას და მექანიზმის განვითარების პროცესს.

კონფერენციის ფარგლებში თამარ გვარამაძემ, როგორც სამუშაო ჯგუფის მომხსენებელმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ კერძო დაწესებულებების, მათ შორის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის სირთულეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

კონფერენციის პარალელურად ლევან იოსელიანმა გამართა ორმხრივი შეხვედრები დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დირექტორთან, სადაც წარსული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კონფერენცია უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის (UPCHR), დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის (DIHR), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ორგანიზებითა და მასპინძლობით მიმდინარეობს. კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ NHRI-ების მანდატის ეფექტურად გამოყენების გზებს წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან ადამიანების დასაცავად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)