ხანდაზმულ პირთა უფლებები საფრთხეშია: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფის მე-11 სესიაზე
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა მარიამ თავდგირიძემ და პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ანა ხაბიერამ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ვებგვერდისთვის მოამზადეს და გამოაქვეყნეს სტატია „ხანდაზმულ პირთა უფლებები საფრთხეშია: ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები გაეროს დაბერების შესახებ ღია სამუშაო ჯგუფის მე-11 სესიაზე“.
სტატიაში საუბარია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRIs) როლზე გაეროს დონეზე ხანდაზმული პირების უფლებების პოპულარიზაციის და მათ შორის, დაბერების შესახებ გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის (UN OEWG on Aging) მე-11 სესიაში მონაწილეობაზე. ამ სესიაზე ევროპის NHRI-ებმა აქტიური ჩართულობით კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მზაობა და მოწოდება ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ ახალი კონვენციის შემუშავებისა და მიღების მხრივ. სწორედ პოლონეთისა და საქართველოს NHRI-ების თაოსნობით მოხდა ევროპის სხვა NHRI-ების ჩართვა ზემოხსენებულ სესიაში.
დაბერების თაობაზე გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის მე-11 სესია გაიმართა მიმდინარე წლის 29 მარტი - 2 აპრილის პერიოდში. არსებული შეზღუდვების გამო, შეხვედრა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში. სესიაზე განხილულ იქნა კორონავირუსის პანდემიის გავლენა ხანდაზმული პირების უფლებებზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ დაბერების შესახებ გაეროს ღია სამუშაო ჯგუფი ერთადერთი საერთაშორისო ფორუმია, რომელზეც მსჯელობენ ხანდაზმული პირების უფლებების დარღვევებზე და განიხილავენ არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად შესაბამის აქტივობებს.
პანდემიისა და ხანდაზმული პირების უფლებების გარდა, შეხვედრის მონაწილეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაცვალეს მათ შორის ხანდაზმული პირების განათლებაზე, სოციალურ დაცვასა და უსაფრთხოებაზე, დასაქმების უფლებაზე და ა.შ.
გარდა ამისა, გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის მე-11 სესიის ფარგლებში, წარდგენილ იქნა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივიგანცხადება ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ ახალი კონვენციის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობაზე, რომლის მომზადებასა და მხარდაჭერის ადვოკატირებაში პოლონეთისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებმა იმუშავეს. განცხადებას ხელს 51 ორგანიზაცია აწერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მბოჭავი ინსტრუმენტის მიღების ადვოკატირების პროცესს სწორედ ევროპა უნდა გაუძღვეს.
ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, აპარატი მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება გაეროს დონეზე ხანდაზმულ პირთა უფლებების ადვოკატირების პროცესში და მონაწილეობას მიიღებს დაბერების შესახებ გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის მე-12 სესიაში.