სიახლეები

სახალხო დამცველმა ბიზნესსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა

2020 წლის 17 ივლისს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა.

სახალხო დამცველი წერილში წუხილს გამოთქვამს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ვინაიდან, მიუხედავად განხორციელებული რიგი ღონისძიებებისა, სხვადასხვა უწყებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული არაერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესასრულებლად ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, უწყებების მხრიდან სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შეუსრულებლობა განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ საკითხი სცდება მათი კომპეტენციის ფარგლებს.

სახალხო დამცველმა ბიზნესის და ადამიანის უფლებების მიმართულებით შეუსრულებელი აქტივობების, მომავალი სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მიმდინარე პროცესის მიზნებისთვის, პრემიერ-მინისტრს შემდეგი მოსაზრებები/რეკომენდაციები წარუდგინა:

  • მნიშვნელოვანია შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებებმა სამოქმედო გეგმის ვადის დასრულებამდე განახორციელონ ნაკისრი ღონისძიებები
  • მომავალი გეგმის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფმა გაითვალისწინოს, რომ მოქმედო სამთავრობო გეგმა სრულად არ ფარავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებითა და ეროვნული საბაზისო კვლევით გათვალისწინებულ ყველა საკითხს.

აღსანიშნავია, რომ ქმედითი ღონისძიებები არ არის გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით კომპანიებისათვის სამართლებრივი რისკების ეფექტიანი შეფასების (Due Diligence) ვალდებულების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით, დოკუმენტი მხოლოდ ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფის ვალდებულებაზე მიუთითებს (ამოცანა 25.1.27).

სახალხო დამცველმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში და სათანადო რეკომენდაციები/წინადადებები წარუდგინოს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროს მიკუთვნებული გამოწვევების შესწავლას და მათთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას. მათ შორის, მოცემულ ეტაპზე, აპარატი მუშაობს სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც მიმოიხილავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობას და მის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)