სიახლეები

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგი

2020 წლის 16 ივლისს სახალხო დამცველმა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის მომზადების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეისწავლეს ეროვნული კანონმდებლობა, გააანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, მუშაობის პროცესში მოპოვებული და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი საჩივრები; ასევე, მოინახულეს და შეამოწმეს ქვეყნის 16 მუნიციპალიტეტის 70 სოფლის ამბულატორია.

მუნიციპალიტეტებში ჩატარებული მონიტორინგისა და არსებული მარეგულირებელი აქტების გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ აუცილებელია გაიზარდოს სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა. კერძოდ:

  • ამბულატორიების ნაწილში აუცილებელია უმოკლეს ვადებში ჩატარდეს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები; სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად, მოწესრიგდეს წყალგაყვანილობის სისტემა და მოეწყოს ხელსაბანი; შშმ პირებისათვის მოეწყოს სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული სივრცე; ასევე აუცილებელია ვაქცინაციისთვის ცალკე სივრცის სათანადო სტანდარტებით მოწყობა.
  • მნიშვნელოვანია ექიმების კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყოფა (რასაც მხოლოდ აჭარის ამბულატორიებში ვხვდებით), რათა ექიმებს წვდომა ქონდეთ სამედიცინო ბაზებზე და შეძლონ პაციენტთა ისტორიების ნახვა და თავის მხრივ დროულად მოახერხონ იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისთვის ჩატარებული გეგმური და არაგეგმური აცრების თაობაზე ინფორმაციის ატვირთვა.
  • პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების შემაკავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება, რომელიც არ შეესაბამება გაწეულ შრომას და ხარჯებს. სოფლის ექიმების და ექთნების შრომითი პირობების ფრაგმენტული გაუმჯობესება პოზიტიურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, თუმცა შესაფასებელია მათი შრომის პირობები, სამუშაო გარემო, შვებულების, ავადმყოფობის მიერ გაცდენილი დღეების, ფიზიკური პირის სტატუსის, სოფლებში მათი ტრანსპორტირების, კომპიუტერული ტექნიკით, კომუნიკაციით და სხვა აუცილებელი ინვენტარით აღჭურვის საკითხები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა და დამატებითი ფინანსების გამოყოფა
  • აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს უწყვეტი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის დანერგვა „სოფლის ექიმის“ პროგრამაში ჩართული სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ასევე, ოჯახის ექიმის სპეციალობაში უწყვეტი სამედიცინო განათლების სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფა, რაც გაზრდის ექიმების მოტივაციას მიიღონ აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ აქტივობებში

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)