სახალხო დამცველმა უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა
სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში „უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზი“ გამოაქვეყნა.
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა როგორც უვადო მსჯავრდებულების განაჩენები და სისხლის სამართლის საქმეები, ისე მათი ისტორია პენიტენციურ სისტემაში სასჯელის მოხდის პერიოდში.
წინამდებარე სპეციალური ანგარიშის მიზანია, მკითხველს გააცნოს საერთაშორისო პრაქტიკა და ევროპული სტანდარტები უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის სასჯელის შეფარდების, მათზე შეღავათის გავრცელებისა და ე. წ. „იმედის უფლების“ მიმართულებით. მასში ასევე მიმოხილულია საქართველოში არსებული გარანტიები და მექანიზმები ევროპულ სტანდარტებთან მიმართებით; მაქსიმალურად დეტალურად არის ჩაშლილი უვადო მსჯავრდებულების ბრალდების სისხლის სამართლის საქმეთა გაცნობის შედეგად გამოკვეთილი როგორც ინდივიდუალური, აგრეთვე, არაერთხელ განმეორებადი ხარვეზები; წარმოჩენილია პენიტენციურ სისტემაში სასჯელის მოხდის პერიოდში უვადო მსჯავრდებულებთან მიმართებით გამოვლენილი ტენდენციები.
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფი 89 უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირიდან, წინამდებარე ანგარიში ეხება 58 უვადო მსჯავრდებულს, რომელთაც, კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე აქვთ უფლება დაიწყონ პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის შეცვლისთვის საჭირო პროცედურები.
ანგარიშზე მუშაობის პროცესში სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე, ერთ-ერთი უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი, რომელიც სასჯელს 2004 წლიდან იხდიდა, უკვე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დანაშაულებისათვის, რომლის ჩადენისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, გარკვეულ პერიოდში მხოლოდ ვადიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმე და აღმოაჩინა რა, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მსჯავრდებულის სასარგებლო ცვლილებები იყო განხორციელებული, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობა მსჯავრდებულს - ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის.
2024 წლის 7 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და სახალხო დამცველის აპარატის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, პატიმარს შეეცვალა სასჯელი, დაუდგინდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მას უკვე მოხდილი ჰქონდა და შესაბამისად, გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან.
ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე ანგარიშის მიგნებები, ყველა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის უფლებების ეფექტიანი უზრუნველყოფის მიზნით, დაეხმარება საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, სასამართლოებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ასევე ყველა სხვა რელევანტურ უწყებას, მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტისას. მაგალითად, ახალი ამნისტიისა თუ შეწყალების აქტის გამოცემისას, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მსჯელობისას, გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის ანგარიშის მომზადებისას და სხვა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სამართლიანი აღსრულება, მათ შორის, მსხვერპლთა ოჯახების ინტერესების ადეკვატური დაცვა. ამავდროულად, აღნიშნულმა არ უნდა შექმნას იმგვარი მდგომარეობა, რომ უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების უფლებრივი გარანტიები და მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების პერსპექტივები დარჩეს კანონმდებლობის ილუზორული ხასიათის ფორმალურ ჩანაწერებად.
სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებენ პატიმრების, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას.