სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე[1] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება სიცოცხლის უფლების მიმართ, რადგან არ ჩატარებულა ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება.

ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების არაერთ არსებით ხარვეზზე მიუთითა. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებისა და დამუშავების ხერხზე, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის ზედაპირულ გამოკვლევაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გამოკითხვის დაგვიანებაზე, განმცხადებლისთვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობაზე, რამაც ოჯახს ხელი შეუშალა პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემას, რამდენადაც პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს დაეყრდნო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ გამოძიებით სათანადოდ ვერ დადგინდა და დადასტურდა სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის მდებარეობა, ვერ გაბათილდა ბრალდებები ყურსასმენებთან და ხელყუმბარასთან დაკავშირებით და სხვა.

ამასთან, სასამართლომ ვერ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა მატერიალურ ნაწილში (ნეგატიური ვალდებულება), რაც გულისხმობს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქის სიცოცხლის მიზანმიმართულ, კანონსაწინააღმდეგო მოსპობას. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობა დაასახელა და განმარტა, რომ მიზეზი სწორედ არასრულფასოვანი გამოძიების ჩატარებაც შეიძლება ყოფილიყო.

სახალხო დამცველმა, ჯერ კიდევ 2020 წელს, მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, არაეფექტიანად წარმოებულად შეაფასა გამოძიება და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების განახლების შესახებ წინადადებით[2] გენერალურ პროკურორს მიმართა.

სახალხო დამცველის პოზიციით, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტზე გამოძიების პროცესში აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო ორგანოს მოეპოვებინა ინფორმაცია, რომელიც ასახავდა სპეცოპერაციის მიმდინარეობის კონტროლს. შესაბამისად, ზედმიწევნითი და სრულყოფილი გამოძიების სტანდარტის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო ოპერაციის განხორციელებაზე და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სპეცოპერაციების პერიოდში ერთმანეთს შორის სატელეფონო კომუნიკაციის, ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო პროგრამებისა და სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის მოპოვება/გამოთხოვა. გარდა ამისა, სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნდა ოპერაციაში მონაწილე სუს-ის ყველა მოსამსახურის რაციის ჩანაწერების მოპოვება, რაც საქმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება იყოს ღონისძიების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტო მასალის არარსებობის პირობებში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რაციების ჩანაწერები ასახავს რეალური და იმწუთიერი კომუნიკაციის შინაარსს. სამწუხაროდ, პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური იქნება. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს განახლებული გამოძიების მონიტორინგს.


[1] „Machalikashvili and others v. Georgia” განაცხადი N32245/19 19.01.2023 წ.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 27 მარტის N15-5/3581 წინადადება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)