სიახლეები

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად

2022 წლის 9 მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განახორციელეს ვიზიტი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს და გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს. ვიზიტმა ცხადყო, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილისთვის რელევანტური გამოკვლევების შესაბამისი პროფილის კლინიკაში დაუყოვნებლივი ჩატარება და შემდგომი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

პენიტენციური დაწესებულების ექიმისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე გაუარესდა, ხოლო რიგი მაჩვენებლები და ჩივილები განსაკუთრებულად საყურადღებოდ მიიჩნევა. აღნიშნული კი გადაუდებელ გამოკვლევებს საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც ციხეში არ არის.

მოწოდებული ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, N12 დაწესებულებაში 7 მარტს იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკის ექიმები, რომლებმაც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაადგინეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროება სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, სასწრაფო დაყოვნებული წესით, რაც საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, უნდა ჩატარდეს 2-5 დღეში.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კვლავ არ ჩატარებულა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT კვლევა). კვლევის შესახებ რეკომენდაცია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 19 იანვარს გასცა. MRT კვლევის საჭიროებას პენიტენციური დაწესებულებაც იზიარებდა და დაგეგმილიც კი ჰქონდა, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარი ვერ იღებს რეკომენდირებულ და დაგეგმილ სამედიცინო მომსახურებას, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ 7 მარტს განსაზღვრული დაუყოვნებლივ ჩასატარებელი სამედიცინო გამოკვლევებიც შესაძლოა არ ჩატარდეს ან/და გაჭიანურდეს არაგონივრულად, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნის პირდაპირი დარღვევით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პენიტენციური სისტემის ექიმების/მოწვეული ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის რეკომენდირებული აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევებისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)