„შშმ პირთა განათლების უფლება კოვიდ პანდემიის პირობებში“
2021 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულ ქსელთან (ENNHRI) ერთად საერთაშორისო ვებინარი გამართა თემაზე: „შშმ პირთა განათლების უფლება კოვიდ პანდემიის პირობებში“.
ვებინარზე პანდემიის პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების უფლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მაღალი ხარისხის ინკლუზიური განათლების შესახებ საუკეთესო პრაქტიკა, მეთოდოლოგიის გამოცდილები და მოსაზრებები გაცვალეს. ონლაინ შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, უძღვებოდა რომელიც ENNHRI-ის შშმ პირთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეა.
ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და ENNHRI-ს გენერალურმა მდივანმა დები კოენერმა გახსნეს. სიტყვით გამოვიდნენ ასევე, გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მოქმედი მდივანი კატერინე პედრეროსი და ევროპის შშმ პირთა ფორუმის (EDF) აღმასრულებელი დირექტორი მაურენ პიგოტი.
ხორვატიის, ლატვიის, ჩეხეთისა და ირლანდიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების/ომბუდსმენების ოფისების წარმომადგენლებმა დამსწრეთ მათი ქვეყნების გამოცდილება გააცნეს. მონაწილეებმა ასევე, ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც მოსწავლეებს, მათ შორის შშმ პირებს, დისტანციურად სწავლის დროს შეექმნათ და რამდენად მზად აღმოჩნდნენ სახელმწიფოები ამ პრობლემებთან გასამკლავებლად; განიხილეს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა შშმ პირებისთვის და გაეროს შშმ პირთა კონვენციის 24-ე მუხლით დადგენილი სტანდარტები ამ მიმართულებით, იმსჯელეს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო სექტორის როლზე ინკლუზიური განათლების ადვოკატირების პროცესში.