სიახლეები

სახალხო დამცველის მოხსენება შშმ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე

2020 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ღონისძიებაში, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკანონმდებლო ანალიზი, სახელმწიფო პროგრამების მიმოხილვა და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების განხილვის მნიშვნელობაზე; ხაზი გაუსვა მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების საჭიროებებსა და მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს.

„გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მრავალწლიანი და მდგრადი თანამშრომლობის შედეგად, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების მონიტორინგი სახალხო დამცველის საქმიანობის ჩარჩოს შემადგენელი ნაწილი გახდა. 2017 წლიდან დღემდე არაერთი კვლევა და მონიტორინგი განვახორციელეთ, გაძლიერდა ჩვენი ორგანიზაციული შესაძლებლობები, პოზიტიური ძვრები შევიტანეთ ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკაში“, - განაცხადა სახალხო დამცველმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პერსონალის გადამზადება სხვადასხვა შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაბამისი საჭიროებების მიმართულებით. ამასთან, გამოწვევას წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა ეტლით მოსარგებლე, სმენის და მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის. ასევე, პრობლემაა სმენის პრობლემის მქონე ქალებისთვის თარჯიმნის სერვისის უზრუნველყოფა. რის გამოც, ხშირად მათთვის კონფიდენციალური სერვისის მიწოდება ვერ ხდება.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მონიტორინგი სახალხო დამცველის პრიორიტეტი და საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით აპარატი გაეროს მოსახლეობის ფონდთან და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს ორსულობამდე, ორსულობის, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგ ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ქალის ჯანმრთელობის მართვის შესახებ ონლაინ კურსის შესამუშავებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)