სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება შშმ პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. მისი აღნიშვნის მიზანია შშმ პირთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუმცა, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სრულყოფილად დაცვა.

ხაზგასასმელია 2023-2030 წლების შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება. ამავდროულად, აუცილებელია მის აღსრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგი და პროცესის თანმდევ პრობლემათა მოგვარება.

კვლავ დღის წესრიგში დგას შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შეფასების ბიოფსიქოსოციალურ სისტემაზე დროულად გადასვლის საჭიროება. სირთულეებთანაა დაკავშირებული სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა/შშმ პირთა ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა.

მწვავედ დგას ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესების, ზრდასრულ შშმ პირთა სარეაბილიტაციო და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვის საკითხი. 2023 წელს გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, თუმცა, სფეროში კვლავ რჩება სისტემური პრობლემები. ამ დრომდე არ შემუშავებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა თავშესაფრის სტანდარტიც, რაც ზრდის ამ პირთა უფლებების დარღვევის რისკებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები უსინათლო პირთა მიერ გარიგების დადების წესთან დაკავშირებით. თუმცა, მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზება, საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა და ყველა სახის შეზღუდვის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინება.

პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შენობა-ნაგებობებზე,
ინფორმაციასა და მომსახურებებზე წვდომა. ამ დრომდე არ შემუშავებულა სტანდარტი შშმ პირთა ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, ვებ-გვერდებსა და მობილურ აპლიკაციებზე წვდომის უზრუნველსაყოფად.

გამოწვევას წარმოადგენს მართლმსაჯულებისა და საგამოძიებო სისტემაში დასაქმებულ პირთა სტერეოტიპული დამოკიდებულებები შშმ პირების მიმართ. ასევე, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების მიმართ განხორციელებული სექსუალური თუ სხვა ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება, დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.

ხარვეზებით ხორციელდება მხარდაჭერის სისტემა. დაბრკოლებას წარმოადგენს ადმინისტრირებასთან, დამოუკიდებელი სერვისების არარსებობასთან, უწყებათაშორის კოორდინაციასთან და რესურსების ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა, რაც აფერხებს შემთხვევებზე სათანადო მონიტორინგს.

აქტუალობას არ კარგავს ინკლუზიური განათლების ხარისხის გამოწვევები სხვადასხვა საფეხურზე. პრობლემად რჩება ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დეფიციტი რეგიონებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე შშმ ბავშვთა წვდომის სირთულეები და სასკოლო საზოგადოების წევრების ნაკლები ინფორმირებულობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პრობლემურია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არასაკმარისი დაფარვა და საუნივერსიტეტო დონეზე სტუდენტთა მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობა. შშმ პირებს კვლავ ექმნებათ სირთულეები დასაქმების კუთხით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების სათანადოდ დაცვის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)