საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნება. ამ დღის მიზანია შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემურია შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვა.
კვლავ გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურებების მისაწვდომობა; სერვისებისა და დამხმარე საშუალებების ნაკლებობა, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის სიმწირე.
აქტუალური რჩება შშმ პირთა/ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სათანადო ჩართვა. დღის წესრიგში დგას სასწავლო დაწესებულებების სივრცის, სასწავლო რესურსებისა და პროცესის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ეფექტური ზომების მიღების აუცილებლობა. ასევე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დროულად და საჭირო რაოდენობით მობილიზება, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე.
სირთულეებთანაა დაკავშირებული შშმ პირთა შრომისა და დასაქმების უფლების რეალიზება. მათ დასაქმებაში ხელისშემშლელი ბარიერებია მიუწვდომელი გარემო და სერვისები, ფორმალური განათლების არქონა და თავად დამსაქმებლების დისკრიმინაციული დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ.
პრობლემურია შშმ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირება და უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლა. სახელმწიფოს არასაკმარისი მცდელობების გამო, ქვეყანაში არსებულ სოციალური საცხოვრისების აბსოლუტურ უმრავლესობაში სრულად ან ნაწილობრივ უგულებელყოფილია შშმ პირების საჭიროებები. მათ შორის, იკვეთება საცხოვრისების ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობა, გადატვირთულობა, მხარდამჭერი სერვისების არარსებობა.
მუნიციპალურ დონეზე გამოწვევას წარმოადგენს საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა/გაძლიერება, ასევე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ საბჭოებში სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა მონაწილეობა და სათათბირო ორგანოების ეფექტიანი ფუნქციონირება.
საკმარისი არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები. არსებითად არ გაზრდილა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. ჯერ კიდევ არ შექმნილა სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია.
ასევე გამოწვევად რჩება შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.
გადაუჭრელია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლის საკითხი, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე. მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა არ არის მორგებული შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს მათ დაკმაყოფილებას.
კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გამოიხატება მათ მიერ გამოყენებულ არასწორ ტერმინებსა და სტერეოტიპულ ხედვებში. აღნიშნული ხელს უწყობს ჯგუფის სტიგმატიზაციას, ქმნის ბარიერებს და აფერხებს შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზების, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.