საქართველოს სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის წახალისების საკითხს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო სივრცეში [ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიერ] გავრცელებულ სტიგმის შემცველ განცხადებებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი [პოლიტიკოსი], მისი შესაძლებლობის შეზღუდვიდან გამომდინარე, დამამცირებელ კონტექსტშია მოხსენიებული, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ასეთი განცხადებები არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს, ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას ქვეყანაში და საზოგადოების პოლარიზაციას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხშირად ხდებიან სტიგმის, უთანასწორო მოპყრობისა და სიძულვილის ენის სამიზნე, რაც ართულებს მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. ასეთი გამონათქვამები არა მხოლოდ აძლიერებს სოციალური უთანასწორობის პრობლემას, არამედ ხელს უშლის პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მიმართულია თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებისკენ.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, არ დაუშვან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და მზადაა, აქტიურად ჩაერთოს ყველა იმ საკითხის შესწავლაში, რომელიც უკავშირდება დისკრიმინაციის შემთხვევებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნა საქართველოში.