საინფორმაციო შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე
2022 წლის თებერვალ-მარტის თვეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში 19 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე.
შეხვედრებს ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ ბავშვების მშობლები და ამ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოებისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში დასაქმებული პირები, ასევე, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ცალკეულ ქვეპროგრამებით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებლები (სულ 249 ადამიანი).
სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირინე ობოლაძემ, ნინო ვალიკოვმა, ლიკა ბაციკაძემ, ნათია ბერაძემ და მარიამ მახარაძემ მონაწილეებს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობის ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევები გააცნეს; განიხილეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის, მისაწვდომობისა და ინკლუზიური განათლების რეალიზებასთან, ძალადობის იდენტიფიცირებასთან, ცენტრალურ/ადგილობრივ დონეზე მოქმედი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საბჭოების ფუნქციონირების თავისებურებები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის მნიშვნელობა და ამ კუთხით არსებული გარანტიები.
მონაწილეები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე შშმ პირთა უფლებების რეალიზების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ.
შეხვედრები საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის, „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ამბროლაურში, ონში, ზესტაფონში, ქუთაისში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ქობულეთში, ქედაში, ხულოში, ხელვაჩაურში, შუახევში, თიანეთსა და ბოლნისში