სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება შშმ პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ვაღიაროთ შშმ პირთა მნიშვნელოვანი როლი ჩვენს საზოგადოებაში, გავაანალიზოთ არსებული გამოწვევები და ვისაუბროთ მიღწეულ პროგრესზე. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, აღმოფხვრას ბარიერები და უთანასწორობა, რომელთაც შშმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან და გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შესაქმნელად.

სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, მუდმივად სწავლობს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში, დღევანდელ დღეს გვსურს გამოვაქვეყნოთ ორი სპეციალური ანგარიში:

- ინკლუზიური განათლების მონიტორინგი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

- რესურსსკოლების მონიტორინგის ანგარიში;

აღნიშნული ანგარიშები ყურადღებას ამახვილებს ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების მიწოდების მნიშვნელობაზე, რაც შშმ პირთა რეალიზებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ანგარიშები დეტალურად მიმოიხილავს განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, აანალიზებს გამოწვევებს და გასცემს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციებს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სპეციალური ანგარიშები გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)