სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

3 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. მისი მიზანია როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ისე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ პირთა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში სათანადო ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ყოველწლიურად, ამ დღის აღნიშვნა სხვადასხვა თემას უკავშირდება. მიმდინარე წლის თემაა - „ტრანსფორმაციული გადაწყვეტილებები ინკლუზიური განვითარებისთვის: ინოვაციების როლი მისაწვდომი და სამართლიანი სამყაროს გაძლიერებაში.“

გარკვეული წინსვლის მიუხედავად, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება. მნიშვნელოვანია, მთავრობამ უზრუნველყოს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის ქმედითობა. უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ მომხდარა სოციალურ მოდელზე გადასვლა, არსებული მიდგომები და სერვისები კვლავ სამედიცინო მოდელს ეფუძნება. მისასალმებელია, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სოციალური პაკეტის მიღება აღარ ეზღუდებათ, თუმცა, აღნიშნული გასაცემელი მაინც არაეფექტურია და ვერ პასუხობს თითოეული ინდივიდის საჭიროებებს.

მიუხედავად იმისა, რომ დაიხურა თბილისის ჩვილ ბავშვთა და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლები, დეინსტიტუციონალიზაციისკენ მიმართული აქტივობები კვლავ ფრაგმენტულად, შესაბამისი გეგმის გარეშე მიმდინარეობს. მძიმე ვითარებაა ზრდასრულ შშმ პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაუცველობა, პერსონალის სიმცირე, მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა, რთული ქცევის მართვის საკითხებში კადრების მოუმზადებლობა - პანსიონატებში არსებულ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია. თავის მხრივ, ინდივიდუალური მიდგომისა და საჭირო საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სერვისების დეფიციტი განაპირობებს ინსტიტუციაზე დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბებას, რაც ამცირებს ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს. არსებული ვითარების ფონზე საჭიროა დროული ზომების მიღება როგორც ალტერნატიული მომსახურებების განვითარების, ისე, ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის მექანიზმების გაძლიერების მიზნით.

სერიოზულ გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურებების მისაწვდომობა. კვლავ არ შემუშავებულა მისაწვდომობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ამ დრომდე არ დამტკიცებულა ონლაინ გამოყენებადობისა და ვებ მისაწვდომობის სტანდარტები.

უცვლელია უსახლკარობასთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც, განსაკუთრებით მძიმედ აისახება შშმ პირებზე. სახალხო დამცველის მიერ 2022 წელს განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ შშმ პირები და მათი ოჯახები სხვადასხვა ბარიერების გამო ხშირად რჩებიან სერვისს მიღმა. თავის მხრივ, არსებული საცხოვრისებიდან არცერთი არ არის სრულად მისაწვდომი, როგორც ეტლით მოსარგებლე ან/და მობილობის შეზღუდვის, ისე, მხედველობის სირთულის მქონე პირებისთვის. მძიმე ვითარებაა უფასო სასადილოების სერვისით სარგებლობის კუთხითაც. სათანადო საკვებზე წვდომას აფერხებს მიუწვდომელი ფიზიკური გარემო და მუნიციპალური ტრანსპორტი, შშმ ბენეფიციართა კვებითი საჭიროებების გაუთვალისწინებლობა, შესაბამისი რაციონის არქონა და კვების პროცესში სათანადო მხარდაჭერის ნაკლებობა. აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტები არ სერვისით მოსარგებლე შშმ პირთა სტატისტიკას აწარმოებენ.

არსებითად არ შეცვლილა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები. ისევ პრობლემურია სერვისების გეოგრაფიული დაფარვა. მნიშვნელოვანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე ზრუნვა, ზრდასრულთა რეაბილიტაციის დანერგვა და პერსონალური ასისტენტის სერვისის დროულად ამოქმედება.

აუცილებელია ინკლუზიური განათლების კუთხით არსებულ ხარვეზებზე ხაზგასმა. პრობლემები იკვეთება როგორც სკოლამდელი, ისე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე. გამოწვევას წარმოადგენს შშმ მოსწავლეთა და სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა, ინფრასტრუქტურის/მასალების მისაწვდომობა და დაწესებულებების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა. სათანადოდ ვერ ხდება სკოლამდელი აღზრდისა და ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ინკლუზიური განათლების უწყვეტობაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ დამაბრკოლებელი ფაქტორების კვლევა, რაც შშმ პირებს ხელს უშლით ზოგადი საფეხურის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში.

შშმ პირებს კვლავ ექმნებათ სირთულეები დასაქმების კუთხით. დაბრკოლებას წარმოადგენს დამსაქმებლების მხრიდან სტიგმის შემცველი დამოკიდებულება და მათი არაინფორმირებულობა გონივრული მისადაგების ზომებთან დაკავშირებით. არაეფექტურია დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები, რასაც ადასტურებს დასაქმებულ შშმ პირთა სტატისტიკა. კერძოდ, 2017-2021 წლებში აღნიშნული პროგრამების ფარგლებში მხოლოდ 452 ადამიანი დასაქმდა. მონაცემები, წლების მიხედვით არ იზრდება დინამიკაში. ხაზგასასმელია ისიც, რომ სამუშაოს მაძიებელ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებელს.

კვლავ აქტუალურია სომატური და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებული სისტემური პრობლემები. მათ შორის, ხაზგასასმელია როგორც სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე წვდომასთან, ისე, სამედიცინო პერსონალის მიერ კომუნიკაციის შესაბამისი ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეები. ამ დრომდე გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთათვის სტაციონარს გარე, თერაპიასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, ფსიქიატრიის დარგის საჭირო ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა და საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირება.

სახელმწიფოს კვლავ არ აქვს სისტემური ხედვა შშმ ქალებისა და გოგონების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ცხოვრების ყველა სფეროში. ამ მიმართულებით განსაკუთრებით პრობლემურია: სეგრეგირებული სტატისტიკის არარსებობა, შშმ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა.

გამოწვევად რჩება სხვადასხვა დონეებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში შშმ პირთა და შშმ პირთა ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. ასევე, ამ კუთხით მყარი გარანტიების, შესაბამისი სტანდარტებისა და მექანიზმების შექმნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს მიიღოს ეფექტური ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)