სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2022 წლის 27 მაისს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს 30-ე შეხვედრა გაიმართა. სხდომა განახლებული შემადგენლობით, საბჭოს ახლად შერჩეული წევრების მონაწილეობით ჩატარდა და მას სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე უძღვებოდა.

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა ირინე ობოლაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეპარტამენტის მანდატის შესაბამისად განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. მათ შორის თავმოყრილი იყო საქმისწარმოების ფარგლებში, ცნობიერების ამაღლებისა და მონიტორინგის მიზნით განხორციელებული აქტივობები. ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნინო ვალიკოვმა დამსწრე პირებს შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: დეინსტიტუციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები, გონივრული მისადაგების ვალდებულების ფარგლებში უსინათლო პირთა მიერ შესაბამისი ფორმატით ხელმოწერის შესაძლებლობა, უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა ინკლუზიური განათლების უფლების რეალიზების პრობლემები, მათ შორის, სასწავლო რესურსების მისაწვდომობა, შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლებისა და შშმ პირთა ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)