საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
3 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაწესების მიზანია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა, ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ პირთა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში სათანადო ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ყოველწლიურად, ამ დღის აღნიშვნა სხვადასხვა თემას უკავშირდება. მიმდინარე წლის თემაა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ლიდერობა და მონაწილეობა ინკლუზიურ, მისაწვდომ და მდგრად პოსტ-კოვიდურ (კოვიდ-19) სამყაროში.“
მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია ამ პირთა უფლებების საერთაშორისო დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფისთვის.
დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვას.
გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება. მათ შორის არ მომხდარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭების სოციალურ მოდელზე გადასვლა. პრობლემურია ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შშმ პირთა სრულფასოვანი მონაწილეობის სტანდარტების, გარანტიებისა და მექანიზმების არარსებობა. მიმდინარე წელს შშმ პირთა ნაწილი კვლავ დარჩა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ შემუშავებული სახელმწიფოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმისმიღმა.
კვლავ გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურებების მისაწვდომობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების დამტკიცების“ შემდგომ, დროულად და შშმ პირთა სათანადო ჩართულობით შემუშავდეს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა.
მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების რეალიზება, მათი განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ძალადობის ფაქტების დროულად იდენტიფიცირება და ეფექტური რეაგირება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე 2018-2021 წლებში გაზრდილი მიმართვიანობისა, დაბალია შშმ ბავშვებთან, მათ შორის გოგონებთან მიმართებით დაფიქსირებული მაჩვენებელი. არსებითია ინკლუზიური განათლების კუთხით არსებულ საჭიროებებზე ხაზგასმაც. კერძოდ, კვლავ აქტუალურია საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცის, სასწავლო რესურსებისა და პროცესის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ეფექტური ზომების მიღების აუცილებლობა. ასევე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დროულად და საჭირო რაოდენობით მობილიზება.
პრობლემას წარმოადგენს სოციალური რეაბილიტაციისა ბავშვზე ზრუნვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების გეოგრაფიული დაფარვა. ქვეპროგრამები ხორციელდება მხოლოდ 15-20 მუნიციპალიტეტში და ვერ ხერხდება მათი შესაბამისი საჭიროების მქონე შშმ ბავშვების/პირებისთვის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიწოდება. მომსახურებების დიდ ნაწილში კვლავ ფიქსირდება მომლოდინეთა რიგები. აღსანიშნავია, რომ შშმ ბავშვთა/პირთა სპეციალიზებული დაწესებულებები, მათი ზომიდან და რეჟიმიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტით გათვალისწინებულ ოჯახურ პირობებთან მიახლოებული გარემოს მოთხოვნას, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის კომპლექსურად და დროულად განხორციელების საჭიროებაზე.
პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა შშმ პირთათვის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული რიგი სისტემური პრობლემები. მათ შორის, როგორც სამედიცინო დაწესებულებებსა და სერვისებზე წვდომის, ისე, სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულის კუთხით. საკმარისი არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებებიც. ხაზგასასმელია, რომ არსებითად არ გაზრდილა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. როგორც ფსიქიატრიულ, ისე შშმ ბავშვთა/პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში სათანადოდ არ სრულდება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები.
მუნიციპალურ დონეზე გამოწვევას წარმოადგენს საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა/გაძლიერება, ასევე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების სათანადოდ ფუნქციონირება. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული აქტივობები, ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა ძირითადად მოიცავს შშმ პირთა სასურსათო კალათებით უზრუნველყოფას და არ არის ორიენტირებული მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზების, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ინკლუზიური და მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.