სახალხო დამცველმა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით მიმართა
2020 წლის 19 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს რეკომენდაციის შინაარსის მიმართვა წარუდგინა.
საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საბჭოს წევრთა შორის არ არიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები რაც მათ შორის, გარკვეულმა გარეშე ფაქტორებმა განაპირობა. არსებული ფაქტობრივი მოცემულობის, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობის მიზნების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, სააგენტოსთან შექმნილი „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი და მის წევრ ახალგაზრდებს შორის იყვნენ, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს, მომავალში „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ თუ ახალგაზრდობის სააგენტოსთან არსებული სხვა ერთეულის/ორგანოს დაკომპლექტებისას, გაითვალისწინოს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევები და გადადგას პროაქტიული ნაბიჯები, ამ კუთხით, შიდა პოლიტიკის დოკუმენტის/სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.