წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები
2022 წლის 11 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებებისა და რეკომენდაციების საჯარო განხილვა გაიმართა.
საქართველოში კომიტეტის საგანგებო ვიზიტი კონკრეტული გარემოებებით იყო განპირობებული, მათ შორის, და უპირველეს ყოვლისა, სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელშიც საუბარია პენიტენციურ სისტემაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასა და პატიმართა შორის ხშირი ძალადობის ფაქტებზე.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის. აქვე აღნიშნა, რომ კომიტეტის ანგარიშის მიგნებები ფაქტიურად სახალხო დამცველის ანგარიშებში დასახელებული პრობლემების იდენტურია. ამ მიგნებათა შორის არის სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში ასახული ციხის კრიმინალური სუბკულტურა, პერსონალის სიმცირე და დაბალი კვალიფიკაცია, სარეაბილიტაციო სერვისების სიმწირე, ვადაზე ადრე გათავისუფლების სამართლიანი და გამჭვირვალე მექანიზმის ჩამოყალიბების აუცილებლობა.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პატიმართა მიმართ ძალადობას სისტემატური ხასიათი აღარ აქვს საქართველოში. თუმცა სამწუხაროდ, უშუალოდ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან რეპრესიული მეთოდებით მართვა პატიმართა მცირე, ადმინისტრაციების მხრიდან პრივილეგირებული პატიმრების ჯგუფის (ე.წ მაყურებლების) მიერ რეპრესიული მეთოდებით მართვამ ჩაანაცვლა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით CPT-ის და სახალხო დამცველის ანგარიშები და რეკომენდაციები პენიტენციურ სისტემას მუშაობის გაუმჯობესებაში დაეხმარება; კმაყოფილება გამოთქვა, იმის გამო, რომ ციხეებში ძალადობას სისტემური ხასიათი აღარ აქვს; ასევე, ისაუბრა პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობაზე პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესზე.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრისთვის მზადყოფნას გაუსვა ხაზი; მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებებიც მიმოიხილა და CPT-ისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე ყურადღების გამახვილებაზეც ისაუბრა.
საქართველოში განხორციელებული საგანგებო ვიზიტის ანგარიში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტების განყოფილების ხელმძღვანელმა ბორის ვოძმა წარმოადგინა. მისი თქმით, რთულია დიდი ზომის ციხეების კონტროლი, მით უმეტეს, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში ათასზე მეტ პატიმარს 20-30 თანამშრომელი აკონტროლებს. აღნიშნა, რომ საქართველოს ციხეებში არ გვაქვს მსჯავრდებულთა გონივრული დიფერენცირება დამნაშავეობრივი გამოცდილებისა და გამოსწორების შესაძლებლობის მიხედვით (პირველად მსჯავრდებულები და არაერთგზის მსჯავრდებულები ერთად სხედან).
ასევე ისაუბრა საყოფაცხოვრებო პირობების შეუსაბამობაზე, ზოგი პატიმარი არემონტებს საკანს, ყიდულობს ავეჯს და ტექნიკას. მაგრამ სხვა საკნები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არც რაოდენობრივი გადანაწილებაა თანასწორი - ერთნაირი ზომის საკნებში ბევრად განსხვავებული რაოდენობის პატიმრები არიან განთავსებული.
ბორის ვოძმა ხაზი გაუსვა აქტივობის საშუალების არქონას. პატიმართა დიდ უმრავლესობას არც საქმე აქვს, არც განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც დაეხმარებოდა გაერიდოს კრიმინალურ სუბკულტურას. მკაფიოდ იკვეთება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა მკურნალობის არასათანადო დონე.
სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა განიხილა, აღნიშნა, რომ აპარატისთვის პირველი რიგის ამოცანა პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაა. ისაუბრა აუცილებელ ცვლილებებზე, მათ შორის, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის თანმხვედრ საკითხებზე, როგორიც არის პენიტენციური სისტემის შედარებით მცირე დაწესებულებებად დაყოფა და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნა, პატიმართა რაოდენობის შემცირება, პერსონალის სიმცირე, მათი სამუშაო პირობები, ოპერაციული შესაძლებლობები და ანგარიშვალდებულება.
ცალკე გამოყო რეაბილიტაციის საკითხი და აღნიშნა, რომ პატიმრები პირად საუბრებში აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობას ვერ ხედავენ, ვინაიდან, მათთვის მთავარი საკითხი - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი ხარვეზულია და მუდმივი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები პატიმართა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის გაუმჯობესება და გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი ინდივიდუალური დახასიათების გათვალისწინება, პატიმართა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის წახალისებისთვის მარტივი და სწრაფი მეთოდი იქნებოდა. თავისთავად, ეს ცვლილება კრიმინალური სუბკულტურის გავლენასაც შეამცირებდა.