სიახლეები

სახალხო დამცველის ანგარიში დროებითი განთავსების ცენტრში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის თაობაზე

2020 წლის 7 მაისს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის ფონზე, სახალხო დამცველის მოადგილემ და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში საგანგებო ვიზიტი განახორციელეს.

სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დადებითად შეაფასა დროებითი განთავსების ცენტრში ეპიდემიოლოგიური თავლსაზრისით არსებული მდგომარეობა. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ეპიდემიოლოგიურ ზომებს არ ჰქონია არსებითი გავლენა ცენტრში მოთავსებული პირების უფლებებზე. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტიც, რომ ცენტრში გარეშე პირთა ვიზიტებზე დაწესებული შეზღუდვის საკომპენსაციოდ, გაიზარდა როგორც ტელეფონით, ასევე კომპიუტერით სარგებლობის ხანგრძლივობა. 22 მაისიდან გარეშე პირთა ვიზიტებსა და ამანათების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს მიგრაციის დეპარტამენტის მზაობას რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის ინიციატივით გამართული სამუშაო შეხვედრა, სადაც კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში განიხილეს დროებითი განთავსების ცენტრის მიმართ გაცემული რეკომენდაციები (ანგარიშის პროექტი მიგრაციის დეპარტამენტს მიეწოდა 2020 წლის ივნისში). შეხვედრაზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, როგორც შესრულებული რეკომენდაციების შესახებ, ასევე ისაუბრეს რეკომენდაციების შესრულების მიზნით უახლოეს მომავალში დაგეგმილ აქტივობებზე.

სახალხო დამცველის წინა წლის რეკომენდაციის შესაბამისად, ცენტრში დამატებით ერთი სარეკრეაციო ოთახი მოეწყო. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ცენტრის ტერიტორიაზე თანხის ჩასარიცხი აპარატის დადგმას, რომლითაც ცენტრში მოთავსებულ პირს შეუძლია დაწესებულებაში შემოსვლის დროს მის ხელთ არსებული ნაღდი ფულის თავის ანგარიშზე შეტანა და ცენტრის სასადილოში გამოყენება. მისასალმებელია სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად უცხოელთა კვების რაციონში ხილის დამატება.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, დაწესებულებაში არ არის უზრუნველყოფილი უცხოელის სუფთა ჰაერზე დღის განმავლობაში შეუზღუდავი დროით ყოფნის შესაძლებლობა. ცენტრში მოთავსებული პირები დღეში მხოლოდ 1 საათით გაჰყავთ სუფთა ჰაერზე და ისიც მხოლოდ ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში. სამწუხაროდ, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წელს გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, ცენტრში არ დანერგილა ექიმის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენის ისეთივე სტანდარტი, როგორიც შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებშია.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცენტრში მოთავსებული პირების მთავარ წუხილს საკვებ მენიუში მათი კულტურული თავისებურებების გაუთვალისწინებლობა და 18 საათის შემდეგ სასადილოდან საცხოვრებელ ოთახებში მათი კუთვნილი საკვების შეტანის აკრძალვა წარმოადგენს. ასევე დადგინდა, რომ ჯერჯერობით არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც ცენტრში უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით ექთნების დასაქმებას გულისხმობდა. ამ კუთხით იმედის მომცემია ის გარემოება, რომ მიგრაციის დეპარტამენტი განიხილავს ცენტრში სამედიცინო პერსონალის გაზრდის შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მიგრაციის დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას აპარატთან და გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეკომენდაციების შესასრულებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)