სახალხო დამცველმა კულტურის მინისტრს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევისას თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამო პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდა
2022 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს და პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესში დისკრიმინაციული მოტივებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ცვლილებების განხორციელება მოითხოვა. განმცხადებლის ინტერესები სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და ააიპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ წარმოადგინეს.
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსების მონაწილეთა განცხადებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მინისტრმა განმცხადებლების კანდიდატურები შესაბამის სარეკომენდაციო საბჭოს არ წარუდგინა, ხოლო კონკურსები, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ, ჩაშლილად გამოაცხადა. ამასთან, ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მათი კანდიდატურების სარეკომენდაციო საბჭოსთვის წარდგენის მიზანშეწონილობა შეფასდა, ნორმატიული მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობდა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში, მინისტრმა სამხატვრო ხელმძღვანელი საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ დანიშნა. განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია მოპასუხეს არ მოუწოდებიათ.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა კულტურულ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას შესაბამის სფეროში ჩართული პირების (განსახილველ შემთხვევაში, თეატრმცოდნეების) აზრის გათვალისწინების არსებით მნიშვნელობას და მიიჩნია, რომ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის კუთხით გამოვლენილი პრაქტიკა ხელს უწყობს იმგვარი პირობების შექმნას, რომლებმაც, შესაძლოა, კონკრეტული კანდიდატები, მათი განსხვავებული შეხედულებების ან დისკრიმინაციისგან დაცული სხვა ნიშნის გამო, კონკურსის მონაწილე სხვა პირებთან თუ მინისტრის მიერ საკუთარი შეხედულებით დანიშნულ კადრებთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს იმგვარი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რომელთა შედეგადაც, მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიულ სახელმწიფო თეატრებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დარგის კვალიფიციური ექსპერტებისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობა და გამჭვირვალობა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მხოლოდ გამონაკლის, სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში მიიღება.