სახალხო დამცველის ანგარიში N10 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შესახებ
სახალხო დამცველმა N10 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. N10 დაწესებულება ყოფილი N19 დაწესებულების ტერიტორიაზე შეიქმნა (ე.წ. ყოფილი ტუბზონა) და მასში გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი პატიმრები არიან განთავსებულნი.
მივესალმებით დიდი ზომის დაწესებულებების განტვირთვას და პატიმრების უფრო მცირე ზომის დაწესებულებებში გადაყვანას. ამასთანავე, დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ N10 დაწესებულებაში მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან მინიმალური 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, პირობები დამაკმაყოფილებელია, ყველა საკანში არის საშხაპე, რითიც პატიმრებს შეუზღუდავად, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ სარგებლობა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დაწესებულებაში რიგი ფუნდამენტური პრობლემებია, რომლებიც სახელმწიფოსგან დროულ მოგვარებას საჭიროებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოღებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სამედიცინო მომსახურების მოცულობა. მონიტორინგმა დაადგინა, რომ პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით პრობლემას წარმოადგენდა სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა, ექიმ–სპეციალისტების კონსულტაციების ხელმიუწვდომლობა, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზები და სამედიცინო კონფიდენციალურობის დაუცველობა. დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხანდაზმული და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის საგანგებო მონიტორინგი. შეფერხებებით ხდებოდა პატიმრების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. მედიკამენტებით მომარაგებასთან ერთად, პრობლემური იყო მედიკამენტების შენახვის პირობებიც.
ზემოაღნიშნული პრობლემა მეტად საგანგაშო იყო დაწესებულების დაქვემდებარებაში არსებულ საკარანტინე განყოფილებაში, სადაც სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გაყვანილი პატიმრები ორი კვირის ვადით თავსდებოდნენ.
ჩვენი შეფასებით, N10 დაწესებულების მართვა, სხვა დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებების მსგავსად არ არის ორიენტირებული მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციაზე. დაწესებულებაში არ ტარდება არანაირი სარეაბილიტაციო აქტივობები. პატიმრების ერთადერთი გასართობი არის ტელევიზორი ან/და რადიო. პატიმრები მათთვის საინტერესო აქტივობების გარეშე 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, აღნიშნულ პირობებში პატიმრების ყოფნა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ნორმალიზაციის პრინციპს, არამედ, უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც ხშირ შემთხვევაში, პროტესტის, თვითდაზიანებისა და კონფლიქტების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება.
2020 წლის 26 ივნისის ვიზიტის დროს გაირკვა, რომ 2020 წლის 15 ივნისს დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პატიმრის მიერ დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ერთ ფაქტს. ასევე, 2020 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული ვიზიტისას, ადგილი ჰქონდა პატიმართა შორის კონფლიქტის 3 შემთხვევას.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა ზომებმა ყველაზე დიდი გავლენა პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის უფლების რეალიზებაზე მოახდინა. დაწესებულებაში არ არის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნის ინფრასტრუქტურა. დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს შეზღუდვების საკომპენსაციოდ გატარებული ღონისძიებები ძალზედ მწირი იყო.
წინამდებარე ანგარიში ეფუძნება 2020 წლის 26 ივნისსა და 3 სექტემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ განხორციელებულ ვიზიტს. 2020 წლის 25 დეკემბერს ანგარიში გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს და ეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების განხილვისა და შესრულების თაობაზე. სამწუხაროდ, სხვა არაერთი ანგარიშის მსგავსად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს თავისი პოზიცია არ წარმოუდგენია.