N17 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2015 წლის 7-8 დეკემბერს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად, დაწესებულების მონიტორინგში მონაწილეობას იღებდნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობისა და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლები.
N17 პენიტენციური დაწესებულება ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაა. მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი შეადგენს 2000 მსჯავრდებულს. ვიზიტის პირველ დღეს დაწესებულებაში იმყოფებოდა 1904 მსჯავრდებული, აქედან 35 მსჯავრდებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადგენდა 1932-ს.
ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალებთან ერთად გამოყენებული იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტში მონაწილე წევრების ტექნიკური ანგარიშები. ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია, ასევე მონიტორინგის ჯგუფის წევრთა ანგარიშები ინახება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. ანგარიში შეიცავს მონიტორინგის ჯგუფის ძირითად მიგნებებს და შედგენილია იმგვარად, რომ ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდეს რესპონდენტ მსჯავრდებულთა იდენტიფიკაცია. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.
გარდა ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაციისა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია და მასალები 2016 წლის იანვარი-აგვისტოს მდგომარეობით. მიღებული ინფორმაცია სრულად აისახა წინამდებარე ანგარიშში. ამასთანავე, ანგარიშში შევიდა მონაცემები სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშიდან.