წინადადებები.

წინადადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს 2011 წლის 30 მაისის #97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2015 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 30 მაისის #97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რათა ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება მიენიჭოს შეინახოს და გამოიყენოს არა მხოლოდ სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლები, არამედ, მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, დისციპლინური სამართალწარმოების მასალების ასლები, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების მასალები, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 30 მაისის #97 ბრძანების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, საკანში ჰქონდეთ და შეინახონ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ასევე, მათ მიმართ წარმოებული საქმის მასალები (გარდა სასამართლოს განაჩენის და გადაწყვეტილების ასლისა, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრისა), ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები მიეკუთვნება აკრძალულ ნივთთა კატეგორიას და მათი საკანში შენახვა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დოკუმენტის საკანში ქონა საფრთხეს ვერ შეუქმნის წესრიგს და უსაფრთხოებას. მითუმეტეს, რომ მოცემული დოკუმენტების შენახვა, რომელიც მათი გაცნობის, საკუთარი პოზიციის და არგუმენტაციის ჩამოყალიბების გზით ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების (მხარეთა თანასწორობის, სასამართლოსათვის მიმართვის, საჩივრის შეტანის, ლიტერატურის გაცნობის) რეალიზაციის და კანონიერი ინტერესების განხორციელების მიზანს ემსახურება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)