წინადადებები.

წინადადება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ

2014 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელების თაობაზე.

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ ამოსავალ მიზანს წარმოადგენს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების გაწევის გზით, ყველა პირისთვის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელად სარგებლობის უზრუნველყოფა. ხსენებული კანონის მიხედვით, სასამართლოში წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის საქმეებთან დაკავშირებით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში იურიდიული დახმარების გაწევა არ არის გათვალისწინებული. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1 პუნქტი ყველა ადამიანს უქმნის იმის გარანტიას, რომ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს როგორც საერთო იურისდიქციის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს.

ამასთან, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია ან თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი მოთავსებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

ბრალდებული (თუ ის დაკავებულია) და მსჯავრდებული, რომელსაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და არ მიუწვდება ხელი ტექნიკურ საშუალებებზე, სარჩელის ელექტრონული ვერსიის მოსამზადებლად ან საბანკო ოპერაციების განხორციელებაზე ბაჟის გადასახდელად, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლების რეალიზაციას.

იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენლის დანიშვნის პროცედურული საკითხები არ არის რეგლამენტირებული და არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს წარმომადგენლის დანიშვნის უფლებამოსილება, პირი მოკლებულია სამართლებრივი დაცვის საშუალებით სარგებლობას, რაც იწვევს კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)