წინადადებები.

წინადადება მამაკაცებისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის საკითხის დასარეგულირებლად

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შემუშავდეს შესაბამისი ცვლილებები საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულთათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის დაანგარიშებისა და გაცემის საკითხის საქართველოს შრომის კოდექსთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. კერძოდ, აღნიშნული უფლებით მამაკაცების მიერ სარგებლობის საკითხის დასარეგულირებლად.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართავენ მამაკაცები, რომლებიც დაბრკოლებებს აწყდებიან დამსაქმებლებთან ურთიერთობისას საქართველოს შრომის კოდექსის 27–ე მუხლით გარანტირებული უფლების - ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ამავე საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალთა შრომითი უფლებების მე-2 ტალღის ცვლილებების განხილვისას გათვალისწინებული იქნას ხსენებული საკითხი და ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფმა განიხილოს შესაძლო გადაჭრის გზები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მამაკაცებს, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით ბავშვის მოვლის გამო. კერძოდ, ბრძანების მიხედვით, შვებულების თანმდევი კომპენსაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია გაიცემა მხოლოდ ქალზე და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრზე. მაშინ როცა საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მიხედვით გარანტირებულია აღნიშნული უფლებით სარგებლობა დასაქმებულთათვის მათი სქესის მიუხედავად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)