წინადადებები.

სახალხო დამცველი უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფისას ქულის მინიჭების წესის კანონმდებლობით მოწესრიგებას ითხოვს

2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურაში ქულის მინიჭების წესის კანონმდებლობით მოწესრიგების თაობაზე წინადადებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 9 დეკემბრის N49.03.1384 განკარგულებით შეიქმნა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია“. კომისიის სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურის ის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებისთვის ქულების მინიჭებას ეხება, არ არის დარეგულირებული რაიმე სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, ქულების მინიჭება ხორციელდება კომისიის წევრების პირად შეხედულებებზე დაყრდნობით და ისინი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ კონკრეტული კრიტერიუმისა თუ პრიორიტეტის საფუძველზე პირისთვის მისანიჭებელი ქულის ოდენობას. საყურადღებოა, რომ მინიჭებული ქულა არსებითად განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს.

სახალხო დამცველის შეფასებით, სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე ქულის მინიჭების პრაქტიკა წარმოშობს მისი არათანაბარი ან/და თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას და უსახლკარო პირთა უფლებების დარღვევის საფრთხეს. აუცილებელია განსახილველი საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება. აგრეთვე, გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, დახმარების სამიზნე ჯგუფი და საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული, თუ როგორ ხორციელდება თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურა და ამ მიმართულებით გამოყოფილი სახელმწიფო რესურსის განაწილება.

ყოველგვარი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე შეფასების სისტემის გამოყენება აფერხებს კომისიის ობიექტურად, გამჭვირვალედ და ეფექტურად ფუნქციონირებას და საფრთხეს უქმნის უსახლკარო პირთა უფლებებს. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მოითხოვა თავშესაფრით დაკმაყოფილების პროცედურაში ქულის მინიჭების წესი კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდეს და თითოეული პრიორიტეტული ნიშანი და კრიტერიუმი კონკრეტული ქულით განისაზღვროს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, ზემოხსენებული საკითხის მოსაწესრიგებლად კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა მიმდინარე წლის სექტემბერში არის დაგეგმილი. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პროცესი შეუქცევადი იქნება და გამოთქვამს მზადყოფნას, მისი წარმომადგენელი ჩაერთოს ცვლილებაზე მუშაობის პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)