წინადადებები.

სახალხო დამცველი საპოლიციო გამოსახლების მექანიზმის გაუქმების ინიციატივას უარყოფითად აფასებს

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საპოლიციო გამოსახლების მექანიზმის გაუქმებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები, მისი მიღების შემთხვევაში, უარყოფითად აისახება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლების დაცვაზე.

წარმოდგენილი ცვლილებებით, მესაკუთრეს ერთმევა შესაძლებლობა პოლიციის მეშვეობით მოითხოვოს იმ პირის გამოსახლება, რომელიც თვითნებურად დაეუფლა უძრავ ქონებას. აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მან ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლო დავა დროში უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს თუ, მაგალითად, არამართზლომიერი მფლობელის ვინაობა პერიოდულად შეიცვლება, რაც წარმოშობს მესაკუთრის მიერ ახალი სარჩელის/სარჩელების აღძვრის საჭიროებას. მსგავსი ვითარება საკუთრების უფლებას შინაარსს გამოაცლის და მას არარად აქცევს, რაც დაუშვებელია. კანონპროექტი აუქციონზე ქონების შემძენ მესაკუთრეს ავალდებულებს გამოსახლების უზრუნველსაყოფად ისევ სასამართლოს მიმართოს. ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის აღსრულების ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობას და ხელს უშლის ჯანსაღი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას.

ამასთან, საპოლიციო გამოსახლების მექანიზმის გაუქმებამ შესაძლოა წაახალისოს განსახილველი სამართალურთიერთობის სსსკ-ის 160-ე მუხლით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) დარეგულირება და სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს იმ ადამიანების (დევნილები, სოციალურად დაუცველები და სხვა პირები) უფლებრივ მდგომარეობას, რომლებიც უსახლკარობისა და უკიდურესად მძიმე სოციალურ–ეკონომიკური პირობების გამო, კერძო ობიექტებში არიან შეჭრილები და დღემდე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აგრძელებენ იქ ცხოვრებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 160–ე მუხლი ასეთ შემთხვევებში არ გამოიყენებოდა (ან გამოიყენებოდა ძალზე მცირე შემთხვევებში). იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრეებს არ ექნებათ ხელთ საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი, ამან შესაძლოა გამოიწვიოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით საჩივრებითა და განცხადებებით პროკურატურისადმი მიმართვიანობის გახშირება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული იმ პირთა დაცვის გარანტიები, რომელთა უძრავი ქონებაც იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო იქნა რეალიზებული. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს უსახლკარობისაგან დაცვის ზომებს და ამ თვალსაზრისით, გამოსახლებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რაიმე ვალდებულებას. იძულებითი გამოსახლების საკითხი პირდაპირ კავშირშია უსახლკარობის პრობლემასა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტები და არ გააუარესოს საკუთრების უფლების დაცვის არსებული სტანდარტები. ამასთანავე, უსახლკარობისგან დაცვის ეფექტური სოციალური სისტემის არ არსებობის ფონზე, კერძო საკუთრებაში შეჭრილი პირების მიმართ სსსკ-ის 160-ე მუხლის მისადაგება და მისი აქტიური გამოყენების პრაქტიკის წახალისება რეგრესულ ღონისძიებად უნდა იქნეს შეფასებული, ვინაიდან იგი ერთმნიშვნელოვნად აუარესებს ისედაც მძიმე პირობებში მყოფი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)