სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“
სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-7 ყოველწიური ანგარიშის პრეზენტაცია მოამზადა. ანგარიში მიმოიხილავს 2021 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ არსებულ დაბრკოლებებს, რომელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ თემის წევრები და სხვა დაუცველი ჯგუფები აწყდებოდნენ. ანგარიშში ასევე შეფასებულია ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეგულაციების თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობა; სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზები თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მოსაზრების გამო სახელმწიფო სამსახურში შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები. ანგარიშის ბოლოს, მოცემულია რეკომენდაციები შესაბამისი უწყებების მიმართ.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 161 ფაქტი შეისწავლა, რომელთაგან ყველაზე მეტი - 17% პოლიტიკური შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს შეეხებოდა. სქესის/გენდერის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის, ფაქტები განცხადებების 16%-ს შეადგენდა. განსხვავებული მოსაზრება და შეზღუდული შესაძლებლობა საქმეების 11-11%-ში გვხვდებოდა. სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით განმცხადებელთა 7% დავობდა. ეროვნება/მოქალაქეობის გამო - 6%, რელიგიის გამო - 4%, ეთნიკური წარმომავლობის და ასაკის გამო უთანასწორობის შემთხვევებს კი საქმეების 3-3% შეეხებოდა. 2021 წელს წარმოებაში მითითებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი - 22% კვლავ სხვა ნიშნებით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა. 2021 წლის განმავლობაში სახალხო დამცვემა თანასწორობის საკითხებზე 15 რეკომენდაცია და 10 ზოგადი წინადადება გამოსცა და 2 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მოამზადა.