სპეციალური ანგარიში თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
ანგარიშში განხილულია სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის კუთხით. დოკუმენტი მიმოიხილავს თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა შესახებ დღეისათვის საქართველოში არსებულ ზოგად მდგომარეობას მათი სახელმწიფო საზღვარზე დაშვების, თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის, სასამართლოში საქმეების გასაჩივრების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე, რაზეც შესაბამისი რეკომენდაციებია შემუშავებული. მართალია, 2015 წელს მომზადდა ცვლილებები რამდენიმე სამართლებრივ დოკუმენტში, თუმცა ეს არ არის საკმარისი. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა გაიზარდა 10–დან 15 დღემდე, რაც ვფიქრობთ, არ არის გონივრული ვადა, რადგან გასაჩივრების მსგავსი ვადის დაწესება გარკვეულწილად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს და არღვევს თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებებს, რადგან „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლები უნდა სარგებლობდნენ იგივე უფლებებით, რითაც მიმღები ქვეყნის მოქალაქეები.
მისასალმებელია ცვლილები, რომლებიც შევიდა საქართველოს „ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში და რომლის თანახმადაც გაუქმებულია თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციისთვის დაწესებული 10 დღიანი ვადა. თუმცა, კვალავ უცვლელი დარჩა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების განაცხადის განხილვის 6 თვიანი (გაგრძელების შემთხვევაში 9 თვიანი) ვადა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი ვადაა თავშესაფრის მაძიებელი პირისთვის, რომელსაც უცხო ქვეყანაში ცხოვრების საარსებო წყარო არ გააჩნია.
საკანონმდებლო დონეზეა დასარეგულირებელი სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლებით ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის დასაბუთება თავშესაფრის მაძიებელი პირისთვის, რადგან ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების შედეგად ირკვევა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება შეფასების განუხორციელებლად ხდება და პირისათვის მინიმალური ინფორმაციაც არ არის ხელმისაწვდომი.
ანგარიში „სახალხო დამცველის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში მომზადდა.