სპეციალური ანგარიშები.

რეკომენდაცია მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ შშმ პირთათვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე

2015 წლის 28 ოქტომბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, უზრუნველყოს მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობის პროექტით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების და „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპის გათვალისწინება, რათა მეტროსადგურის ყველა კომპონენტი (მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, მეტროდან ამოსასვლელები, ესკალატორები და სხვ.) ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის 28 ივლისიდან განახლდა, თუმცა სადგურის მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული არ არის. აღნიშნულის ძირითად მიზეზად საბჭოთა პერიოდის ნორმების შესაბამისად უკვე აშენებული გვირაბების და სხვა ნაგებობების კონსტრუქციისა და გეომეტრიული პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვების თანასწორად ვერ სარგებლობენ ფინანსურად ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებით – თბილისის მეტროთი, რის გამოც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან. სახელმწიფო არ ზრუნავს საკითხის კომპლექსურ გადაწყვეტაზე – არსებული მეტროსადგურების ინფრასტრუქტურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებაზე. უფრო მეტიც, ახალი მეტროსადგურის მშენებლობის პროცესში, ხელისუფლება არ გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას, რაც მათი უფლებების დარღვევასთან ერთად, გამოიწვევს სამომავლოდ დამატებითი რესურსის ხარჯვას მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურის ადაპტირებისთვის.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, მისი დებულებების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი, განსაკუთრებით კი, ახალი/განახლებული შენობა–ნაგებობის, ტრანსპორტისა თუ კომუნიკაციის მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპების მაქსიმალური გამოყენებით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საერთაშორისო ხელშეკრულების პირობების დარღვევას, ადამიანის ძირითადი უფლებების უგულებელყოფას და ვერ გამართლდება ტექნიკურ ან/და ფინანსურ პრობლემებზე მითითებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)