სახალხო დამცველის მოადგილე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 111–ე სესიას ესწრება
2014 წლის 7-25 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი 111-ე სესიაზე საქართველოს მე-4 პერიოდულ ანგარიშს განიხილავს. ანგარიში მიმოიხილავს გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მიერ საკანონმდებლო და პრაქტიკული თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებს.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, პაატა ბელთაძემ უკვე გამართა შეხვედრები კომიტეტის წევრებთან, სადაც ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, სიცოცხლის უფლებაზე, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე, გადაადგილების თავისუფლებასა და დევნილთა უფლებებზე, რელიგიის თავისუფლებაზე, გამოხატვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებასა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე.
საქართველოს მიერ პაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ წერილობითი ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა კომიტეტში 2014 წლის 13 ივნისს წარადგინა.
2014 წლის 30 ივნისიდან - 18 ივლისის ჩათვლის, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი 58-ე სესიაზე განიხილავს საქართველოს მეოთხე და მეხუთე გაერთიანებულ ანგარიშს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.
კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე, მათ შრომით უფლებებზე, ქალთა ძალადობის ფაქტებსა და ადრეული ქორწინების შემთხვევებზე გაამახვილებს ყურადღებას. საქართველოს მიერ კომიტეტში წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება საქართველოს სახალხო დამცველმა 2014 წლის 10 ივნისსწარადგინა.