სპეციალური ანგარიშები.

საცხოვრისის სერვისების განხორციელება შშმ პირთა უფლებების ჭრილში

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის იანვარსა და მარტში საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში[1] მოქმედი 11 სოციალური საცხოვრისის მონიტორინგი განახორციელა. ამავდროულად, სამაგიდო კვლევის ფარგლებში გაანალიზა როგორც სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტრუმენტები, ისე, სოციალური საცხოვრისის და ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისების მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა. ასევე, დამუშავდა საქართველოს ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია.

მიუხედავად სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მიზნით არსებული მოთხოვნებისა, საქართველოში ამ დრომდე არ შემუშავებულა საცხოვრისის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. არ არსებობს უსახლკარო პირის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცნება, უსახლკარობის პრევენციის მექანიზმები, ინფორმაცია უსახლკარობის მასშტაბებისა და ფორმების შესახებ.

სახალხო დამცველის შეფასებით, ეროვნულ დონეზე უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემები წლიდან წლამდე უცვლელია და სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. არაეფექტური ცენტრალური პოლიტიკის ფონზე, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სოციალური საცხოვრისისა და ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისები უსახლკარო ადამიანების მხარდაჭერის ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს. თუმცა, იმ მუნიციპალიტეტებშიც კი, სადაც აღნიშნული სერვისები მოქმედებს, უსახლკარო პირად მიჩნევის კრიტერიუმები არ შეესაბამება სათანადო საცხოვრებლის უფლების საერთაშორისო სტანდარტებს. თავის მხრივ, ბიუჯეტებში მობილიზებული თანხები სრულად ვერ ფარავს უსახლკარო პირთა ჯგუფებს.

მუნიციპალიტეტებს ასეულობით ადამიანი მიმართავს საცხოვრისით უზრუნველყოფის შუამდგომლობით, თუმცა, საპასუხო ზომები არ ტარდება. მაგალითისთვის, 2015 წლიდან მოყოლებული, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 222 ოჯახი დაარეგისტრირა უსახლკაროდ. მიუხედავად ამისა, სოციალური საცხოვრისი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 2022 წლის მონაცემებით, 81 ოჯახია უსახლკაროდ რეგისტრირებული, თუმცა აქაც, საცხოვრისის სერვისი არ შექმნილა.[2]

რაც შეეხება შემოწმებულ საცხოვრისებში არსებულ მდგომარეობას, ზოგან, საცხოვრებელი პირობები ღირსების შემლახავია, რიგ შემთხვევებში კი, მაცხოვრებელთა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველიც.

კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

  • მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ საცხოვრისებად გამოიყენება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობები, რომელთა ჩვეულებრივ საცხოვრებლებად გადაკეთება ვერ ხერხდება.[3] შენობები რიგ შემთხვევებში ავარიულია, გარემო კი მცხოვრებთა ფიზიკური ან/და სომატური ჯანმრთელობისათვის არაკეთილსაიმედო. ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა გორის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის სოციალურ საცხოვრისებში.[4] ზოგიერთ საცხოვრისში შეინიშნება ნესტის, ობისა და სოკოს არსებობა, რაც, გარდა იმისა, რომ იწვევს ანტისანიტარიას და აზიანებს მცხოვრებლების ჯანმრთელობას, ქმნის მწერებისა და ქვეწარმავლების მომრავლებისთვისაც ხელსაყრელ გარემოს.
  • ცალკეულ საცხოვრისებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს მაცხოვრებელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით იქ, სადაც ბინები თაბაშირ-მუყაოს მასალით არის გატიხრული და ხმის იზოლაცია არ ხდება. მუდმივი ხმაური განსაკუთრებული პრობლემაა ორხევის საცხოვრისში, სადაც 262 ადამიანი ცხოვრობს. დერეფნული ტიპის მოწყობისა და თხელი კედლების გამო, მცხოვრებლებს დღე-ღამის განმავლობაში, მუდმივად ხმაურში უწევთ ცხოვრება.
  • გადატვირთულობა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ცალკეულ შემთხვევებში, სივიწროვის გამო, ოჯახის წევრები ერთად ცხოვრებას ვერ ახერხებენ (მაგ., რუსთავისა და ზუგდიდის სოციალური საცხოვრისები) ან იძულებულნი არიან, გაუსაძლის პირობებში განაგრძონ ცხოვრება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. სტუდიოს ტიპის საცხოვრისები, სადაც, ოჯახის წევრებს, მიუხედავად საჭიროებისა და შემადგენლობისა, ერთ ოთახში უწევთ ცხოვრება.
  • ზოგიერთი საცხოვრისის მდებარეობა არ იძლევა აუცილებელ ობიექტებთან წვდომის შესაძლებლობას. კერძოდ, ოზურგეთის სოციალური საცხოვრისის შენობა ქალაქის გარეუბანში, ურბანულად განუვითარებელ გარემოში მდებარეობს. შენობამდე არ მიდის მოასფალტებული გზა, გეოგრაფიული წვდომის პრობლემაა აფთიაქთან და საავადმყოფოსთანაც. მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან ორხევისა და რუსთავის საცხოვრისის ბინადრებიც.
  • შესწავლილი საცხოვრისებიდან არცერთია სრულად მისაწვდომი როგორც ეტლით მოსარგებლე ან/და მობილობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისათვის, ისე, მხედველობის სირთულის მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ყველა სოციალური საცხოვრისის მთავარი შესასვლელი პანდუსითაა აღჭურვილი, თუმცა, საცხოვრისების უმეტესობაში ეტლით მოსარგებლე ადამიანისათვის შეღწევადი მხოლოდ შენობის პირველი სართულია.
  • პრობლემურია საცხოვრისებში სოციალური მუშაკის ჩართულობა. საცხოვრისის ადმინისტრაცია და სოციალური მუშაკი მხოლოდ თბილისის სოციალურ საცხოვრისებშია.[5]

სისტემურ გამოწვევად გამოიკვეთა მუნიციპალიტეტების დონეზე სოციალური საცხოვრისების სერვისში ჩართვის კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების არაერთგვაროვნება. ცალკეული კრიტერიუმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი მიზანია არა საცხოვრისის საჭიროების მქონე ადამიანების გამოვლენა, არამედ, განმცხადებლებისათვის ხელოვნური ბარიერების დაწესება. თავის მხრივ, ამგვარი დაბრკოლებების გამო ასეულობით ადამიანი და შინამეურნეობა ვერ ახერხებს უსახლკაროდ რეგისტრაციას. პრობლემაა ისიც, რომ მოქმედი რეგულაციებით, მუნიციპალიტეტებს არ აქვთ უსახლკაროდ რეგისტრირებული ადამიანების კონკრეტულ ვადაში საცხოვრისით დაკმაყოფილების ვალდებულება. ეროვნულ დონეზე ერთიანი სტანდარტის არარსებობის პირობებში, მუნიციპალიტეტები თვითონ ადგენენ ერთ ადამიანზე გათვალისწინებულ საორიენტაციო ფართობსაც (კვ.მ-ს) ან საერთოდ არ აწესებენ ამგვარ სტანდარტს, რაც პრაქტიკაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

საკითხის შესწავლამ ასევე ცხადყო, რომ სერვისების დაგეგმვის პროცესში არ არის გათვალისწინებული შშმ პირთა ინტერესები. მუნიციპალიტეტები შშმ პირთა პრიორიტეტიზაციას ახდენენ არა მათი საჭიროებების, არამედ, დადგენილი სტატუსის (რომელიც, თავის მხრივ, ხარვეზიან სამედიცინო მოდელს ეფუძნება) მიხედვით. მუნიციპალური რეგულაციებით, ინსტიტუციებში მყოფი ადამიანები ასევე არ წარმოადგენენ პრიორიტეტულ ჯგუფს საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნისთვის. დამაბრკოლებელ გარემოებებად გამოიკვეთა შშმ პირთა ინფრასტრუქტურასა და ინფორმაციაზე წვდომის ნაკლებობაც.

ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც თავად განსაზღვრავს ბენეფიციართა წრეს, რა დროსაც, საცხოვრისის საჭიროების მქონე რიგ ჯგუფებს გამორიცხავს ხედვის არეალიდან. მუნიციპალიტეტების უმრავლესობის მიერ შშმ განმცხადებლების ინდივიდუალური საჭიროებები უგულებელყოფილია. მწირია ყოველთვიურად გამოყოფილი კომპენსაციის თანხაც. პრობლემურია ისიც, რომ სერვისში ჩართვა მხოლოდ მოქალაქეთა მიმართვიანობაზეა დამოკიდებული და არ ხდება საცხოვრისის საჭიროების მქონე შშმ პირების პროაქტიული გამოვლენა.

იდენტიფიცირებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ შეიმუშაოს საცხოვრისის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთ-ერთ პრიორიტეტად საცხოვრისის სერვისების რევიზიას, მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და გრძელვადიანი სერვისების დანერგვას განსაზღვრავს. ასევე, საჭიროა გაიწეროს სოციალური საცხოვრისისა და ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისების დეტალური სტანდარტები, რომლებიც დააწესებს მომსახურების ხარისხის, განხორციელებისა და მასზე სახელმწიფოს ეფექტიანი მონიტორინგის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია საცხოვრისის სფეროში ერთიანი სტანდარტების დაწესებამდე, მუნიციპალიტეტების ჩართულობით განხორციელდეს მუნიციპალური რეგულაციების გადახედვა, მათი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტების მიერ სერვისების შექმნისა და განვითარების პროცესი უნდა დაეფუძნოს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრისის საჭიროებების კვლევის შედეგებს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, მიმდინარე წლის 11-13 ოქტომბერს სათანადო საცხოვრებლის უფლების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვის, ასევე მომზადებული სპეციალური ანგარიშის გაცნობის მიზნით, შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან.[6]

საცხოვრისების მონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.


[1]თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, გორის, ბათუმის, ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები.

[2]ანალოგიური პრობლემებია ფოთის (52 უსახლკარო ოჯახი), სამტრედიისა (47 ოჯახი) და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში (26 უსახლკარო შინამეურნეობა).

[3]მაგალითად, ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში სოციალური საცხოვრისის შენობა ყოფილი კავშირგაბმულობის დაწესებულება იყო, ოზურგეთის სოციალური საცხოვრისი ყოფილი სამშობიაროს შენობაშია განთავსებული, გორის საცხოვრისი - ყოფილი ნარკოლოგიური კლინიკის შენობაა, რუსთავის საცხოვრისი - ყოფილი პროფესიული სასწავლებელია, ხოლო ორხევის - ყოფილი საწყობი.

[4]გორის სოციალური საცხოვრისის შენობის უკანა კედელი ინგრევა, კედლები დარღვეულია და მცხოვრებლებს ყოველდღიურად საცხოვრისის ნგრევის შიშში უწევთ ცხოვრება. ავარიულობისა და კედლების რღვევის პრობლემა აქვს სოციალურ საცხოვრისს ქუთაისში, ნიკეას დასახლებაშიც. შენობების ავარიულობის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა ბათუმის სოციალური საცხოვრისის ერთ-ერთ შენობაშიც, სადაც, სავარაუდოდ, მიწის დაწევამ, საძირკვლისგან შენობის კედლების დაშორება გამოიწვია. შენობის კედლებზე არის ნაპრალები, საიდანაც ნალექის დროს შენობის სარდაფში წყალი ჩადის.

[5]მიუხედავად ამისა, თითოეულ საცხოვრისზე მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკია გამოყოფილი (ორხევის საცხოვრისში - 262 მცხოვრებზე 1 სოციალური მუშაკი; ვარკეთილის საცხოვრისში - 159 მცხოვრებზე 1 სოციალური მუშაკი; დიდი დიღმის საცხოვრისში ადგილზე არ გვხვდება ადმინისტრაცია), რაც შეუძლებელს ხდის განსაკუთრებით მოწყვლად ადამიანებთან სოციალური მუშაობის ეფექტიან განხორციელებას.

[6]აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)