საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგის შედეგს. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების, შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების, მათი ეფექტიანობისა და გავლენის შეფასება. გარდა ამისა, მონიტორინგი მიზნად ისახავდა არსებული ხარვეზების გამოვლენას და რეკომენდაციების შემუშავებას.
მონტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს საკანონმდებლო დონეზე არსებული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანი განხორციელება, რაც ერთის მხრივ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ განწყობებს უკავშირდება, ხოლო მეორეს მხრივ, სხვადასხვა უწყებების მხრიდან მოითხოვს კოორდინირებულ და კომპლექსურ მუშაობას. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად განხორციელებული ინიციატივები არ არის საკმარისი, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გარდა ამისა, დიდ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოსა და გარანტიების არსებობა. აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებდა ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვას ან მათ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლია და ფაქტიურად გეგმით დასახულ მიზანს, გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.