პრევენციის ეროვნული მექანიზმი N3 დაწესებულების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში
N3 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის მიზანს არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა და წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შეფასება წარმოადგენდა.
დაწესებულებაში ვიზიტის შემდგომ ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა წლებთან შედარებით გამოსწორებულია თანამშრომლების დამოკიდებულება პატიმრებისადმი, თუმცა ისევ აქვს ადგილი პატიმართა მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაფორმალურ დასჯის შემთხვევებს, რაც ზოგ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსებაში გამოიხატება.
ანგარიშში საუბარია რეაბილიტაცია–რესოციალიზაციის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე სეირნობის უფლების მცირე დროზე. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, განსაკუთრებული რისკის დაწესებულების მართვის მოდელი, ისევ ეფუძნება მაქსიმალურ შეზღუდვებს, აკრძალვებსა და უპირობოდ მკაცრ რეჟიმს, რაც არ არის თავსებადი ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებთან და ხელს უშლის მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციას.
კერძოდ, განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულებს კანონმდებლობით მეტად აქვთ შეზღუდული გარე სამყაროსთან ურთიერთობა, სარგებლობენ ნაკლები რაოდენობის პაემნებითა და სატელეფონო ზარის შესაძლებლობით. პატიმართა იზოლაციის, გარე სამყაროსთან კონტაქტის ნაკლებობის და მათ საჭიროებებზე მორგებული აქტივობების არარსებობის ფონზე, პატიმრებს საუბრისა და ადამიანებთან კომუნიკაციის დეფიციტი აქვთ, რაც მძიმედ აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.