ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა - 2013
საქართველოს სახალხო დამცველს 2011 - 2012 წლებში ხშირად მიმართავდნენ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და სტიქიური მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები "ეკომიგრანტები" . განცხადებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი პრობლემური საკითხები, რომლებზეც ყურადღებას გავამახვილებთ აღნიშნულ სპეციალურ ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნულ სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევები ინდივიდუალური და ერთჯერადი ხასიათის კი არ არის, არამედ, ოგორც წესი, მათ სისტემური სახე აქვთ. ინდივიდუალური დარღვევებიც, უმეტეს შემთხვევებში, გამოწვეულია შესაბამისი დაცვის სტანდარტების არარსებობით. სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაარეგულირებს სტიქიური კატასტროფების შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, არ არისგაწერილი შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპები ან ნორმატიული ძალის პროცედურული წესები, რომლებიც მოცემულ სფეროში მიმდინარე პროცესებს სამართლებრივ ჩარჩოში ჩასვამს. შეინიშნება არათანმიმდევრული მიდგომის არსებობა და ფინანსური სახსრების ნაკლებობა, რაც თავისთავად დამატებით პრობლემებს ქმნის.