,,COVID-19 პანდემიის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე“
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, განხორციელებული კვლევის შედეგებს, რომლის მიზანს წარმოადგენდა გამოკვლეულიყო კორონავირუსის პანდემიის გავლენები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე, შეეფასებინა ლოკალური უსაფრთხოების პოლიტიკა, გამოევლინა კომპაქტურ დასახლებებში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების საჭიროებები.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და გოგოებთან, ქალთა უფლებებზე მომუშავე და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების, მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებები განსხვავებულია და დამოკიდებულია სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა მათი საჭიროებების შესწავლა და ინტერსექციური მიდგომების შემუშავება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან, უსაფრთხოების რისკები, როგორიცაა: შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა ან COVID-19 ის გლობალური პანდემია, მათზე განსაკუთრებულად მძიმედ აისახება.
ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო პანდემიის პერიოდში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობაზე გაზრდილი რისკების საპასუხოდ, არ იყო სპეციფიურად მორგებული კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებებზე. შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო, პანდემიამ ერთი მხრივ, გაამწვავა ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული ვითარება და მეორე მხრივ, გაართულა ძალადობისგან თავის დაღწევა. პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა განაპირობა მოძალადისა და მსხვერპლის ერთ სივრცეში იზოლირება.
ვიმედოვნებთ, რომ კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები დაეხმარება სახელმწიფოს პანდემიის შედეგების საპასუხოდ პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
კვლევა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოამზადა, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,კონფლიქტით დაზარალებულ ქალებისა და გოგოების შესაძლებლობების გაფართოება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივების გაუმჯობესება COVID 19-ის კრიზისის პერიოდში“ ფარგლებში.