ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოში - 2013 წელი
გასული წლების დადგენილებებისგან განსხვავებით, როდესაც პარლამენტი, როგორც წესი, „ცნობად იღებდა“ სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებებს, მიმდინარე წელს, საკანონმდებლო ორგანომ გაიზიარა ანგარიშში ასახული რეკომენდაციები და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება პარლამენტის დადგენილებას და იმედს იტოვებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უზრუნველყოფს ეფექტურ მონიტორინგს ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესრულებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაზე.
ზოგადად, 2012 წლის მღელვარე მოვლენების შემდეგ, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებით დამთავრდა, 2013 წელი ნაკლები დრამატულობით გამოირჩეოდა. საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილ უკიდურესად დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მართალია, მთელი წლის განმავლობაში საზოგადოება ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის მტკივნეული პოლიტიკური თანაარსებობის მოწმე იყო, მაგრამ ამ დაძაბულობას ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგად მდგომარეობაზე ფუნდამენტური გავლენა არ მოუხდენია – თუ არ ჩავთვლით იმ საგანგაშო ტენდენციას, რასაც ადგილი ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან საჯარო მოსამსახურეთა მასობრივი გათავისუფლების სახით. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის სექტემბერში პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელების შემდეგ, მთელი საზოგადოების ყურადღება პატიმართა უფლებების დაცვაზე იყო კონცენტრირებული, პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოვლენილი პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, აღნიშნულმა გამოწვევამ მეორე პლანზე გადაიწია. მიმდინარე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანს. თუმცა, მეორე მხრივ, მთელი სიმწვავით წამოიწია სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის აქტიური გამოვლენის პრობლემამ, რასაც ცალკეულ შემთხვევებში, ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია.
კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში გამოაშკარავდა, გასულ წლებში ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებელ სფეროში სახელმწიფოს არამართლზომიერ ჩარევას უკავშირდებოდა. საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების გარეშე, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, შეუზღუდავ უფლებამოსილებას აძლევს ადამიანთა კერძო ცხოვრების კონტროლის თვალსაზრისით, აღნიშნული პრობლემის დარეგულირება ნაკლებად სავარაუდოა. საქართველოს სახალხო დამცველისთვის პრობლემურ საკითხთა შორის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გარდა, ასევე, ცენტრალური ადგილი უჭირავს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფლებას საცხოვრისზე, რისი რეალიზებაც კვლავ შეუსრულებელ ამოცანად რჩება სახელმწიფოს მხრიდან სათანადო პოლიტიკის არარსებობის პირობებში.
წინამდებარე დოკუმენტში ცალკე არ არის წარმოდგენილი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისწინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი, ვინაიდან, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობსაღნიშნული საქმეების დეტალური შესწავლა. შესწავლის შედეგები ასახული იქნება საქართველოსსახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში.