სიახლეები

ტრენინგები ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქალთა უფლებებზე

2022 წლის სექტემბერში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოფიო რუსეცკიმ და ანა ლობჟანიძემ ფემიციდის ეთიკურად გაშუქების და ქალთა საკითხების ადვოკატირების საკითხებზე შეხვედრები გამართეს იმერეთსა და სამეგრელოში.

13 სექტემბერს, ქუთაისში ადგილობრივი ტელე, რადიო და ონლაინ გამოცემის წარმომადგენლებისთვის გამართულ ტრენინგზე ანა ლობჟანიძემ მედიაში გენდერული საკითხების ეთიკურად გაშუქების პრინციპებზე, გენდერულად მგრძნობიარე ენის მნიშვნელობასა და სექსიზმის გავლენაზე ისაუბრა და მრავალფეროვანი წყაროების გამოყენების მაგალითები განიხილა. დიდი ყურადღება დაუთმო ფემიციდის ეთიკურად გაშუქების სტანდარტებსაც, როგორიცაა, მასალის გაშუქების ფოკუსი, სავარაუდო მსხვერპლის/მოძალადის იდენტიფიცირება და ვიზუალური მასალის გამოყენების ეთიკური მხარე. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ.

14 და 16 სექტემბერს ანა ლობჟანიძემ და სოფიო რუსეცკიმ ქალთა საკითხების ადვოკატირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს ქუთაისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ქალთა უფლებების ადვოკატირებისა და უწყვეტი მონიტორინგისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არასამთავრობო სექტორის აქტიურობას და მათ ჩართულობას. გარდა ამისა, განუზომელად დიდა არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაში. შესაბამისად, სამუშაო შეხვედრის ჩატარება მიზნად ისახავდა რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას ადვოკატირების კამპანიებზე და ანგარიშგების პროცედურებსა და შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე განიხილეს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) მნიშვნელობა, ანგარიშების წარდგენის მექანიზმები და პროცედურები. ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)